დაძაბულ, დრამატულ, 2-ოვერტაიმიან ბრძოლაში თორნიკე შენგელიას ვირტუსმა მილანის ოლიმპიას მეორე საშინაო მატჩიც მოუგო და ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2. საჩემპიონო სერია მილანელებმა 2 საშინაო მოგებით დაიწყეს, თუმცა შემდეგ 2 გასვლითი მატჩი დათმეს და ყველაფერი ახლიდან იწყება. თანაც, იტალიის სერია A-ში ფინალური სერია 4 მოგებამდე გრძელდება და ჯერ ყველაფერი წინაა.
სერიის მე-4 მატჩში დიდი ბრძოლა გაჩაღდა. ბოლო მეოთხედის სტარტზე ბოლონიელები 18 ქულით დაწინაურდნენ (67:49) და თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ მილანელებმა საოცარი სპურტი მოაწყვეს და მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხეს – 76:76.
გამარჯვებულის გამოვლენა ვერც პირველ დამატებით ხუთწუთეულში მოხერხდა, მე-2 ოვერტაიმის ბოლოსკენ კი მაინც ვირტუსმა იმარჯვა და საბოლოოდ, 93:89 მოიგო.
საქათველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 37 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 9-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ვირტუსს 18-18 ქულით მარკო ბელინელიმა და ჯორდან მიკიმ ულიდერეს, ხოლო მილანის რიგებში საუკეთესო შევონ შილდსი იყო 26 ქულით.
ახლა სერია ისევ მილანში გადაინაცვლებს. მომდევნო მატჩი 19 ივნისს გაიმართება.