20 მოხსნა!!! ფაჩულიას რეკორდები ოთხ ოვერტაიმიან, ნბა-ს ისტორიულ მატჩში

20 მოხსნა!!! ფაჩულიას რეკორდები ოთხ ოვერტაიმიან, ნბა-ს ისტორიულ მატჩში

20 მოხსნა! ეს ზაზა ფაჩულიას ახალი რეკორდია, რომელიც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 9-წლიანი თამაშის განმავლობაში მან დღეს, „იუტა ჯაზთან“ შეხვედრაში მოაგროვა. ამასთან ერთად, ქართველმა ცენტრმა მოედანზე გატარებული დროის მიხედვითაც პირადი რეკორდი დაამყარა – ზაზამ „იუტასთან“ შეხვედრაში 54,10 წუთი ითამაშა.
ამაში ქართველ ცენტრს, რა თქმა უნდა, მატჩის ხანგრძლივობა დაეხმარა. „ატლანტასა“ და „იუტას“ დაპირისპირება 68 წუთს გაგრძელდა, რაც ნბას-ს ბევრისმნახველი ისტორიისთვის მთლად სარეკორდო შედეგი არ არის, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენაა. ეს გახლდათ მეცხრე ოთხმაგი ოვერტაიმი, რომელიც ნბა-ში დაფიქსირდა და პირველი, 1997 წლის შემდეგ, როცა „ფინიქსმა“ „პორტლენდს“ 140:139 მოუგო.

დღევანდელი შეხვედრა კი 139:133 დასრულდა და რაც მთავარია, ქართველის გუნდის გამარჯვებით. ამ მოგებაში ფაჩულიას წვლილი უდიდესია. მან მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი, 20 მოხსნა განახორციელა, არადა, თამაში ნბა-ს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის, ალ ჯეფერსონის წინააღმდეგ უწევდა,  რომელმაც 51 წუთში 17 მოხსნა მოაგროვა.
ფაჩულიას აქამდელი საუკეთესო შედეგი 18 მოხსნა გახლდათ, რომელიც მან თავის აქამდელ კარიერაში ორჯერ განახორციელა. დღევანდელ მატჩში კი ზაზამ 20-მოხსნიანი მწვერვალიც დალაშქრა. ამასთან, მისი საკუთარ ფარზე მითვლილი 12 მოხსნაც ზაზას პირადი რეკორდია.
ფარზე გაწეული ფასდაუდებელ სამუშაოსთან ერთად ფაჩულიამ შეტევაშიც კარგად ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 11-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 3-დან 3 საჯარიმო მოაყოლა და საბოლოო ჯამში 15 ქულა მოაგროვა. ესეც ფაჩულიას სეზონის მეათე ორმაგი დუბლი. ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც: ზაზამ მოდანზე ყოფნის სარეკორდო დროში ბურთი არც ერთხელ არ დაკარგა. მან ორმაგ დუბლთან ერთად 2 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარებაც მოაგროვა. ეს უკანასკნელი შედეგი კი მისი პირადი რეკორდის გამეორებაა.
რაც მთავარია, ზაზა მოედანზე იყო თამაშის ბოლომდე და დამატებით პერიოდებშიც არაერთი უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო. გამოსარჩევია მეორე ოვერტაიმში ჯარიმის თანხლებით ჩაგდებული ორქულიანი, ასევე მესამე ოვერტაიმში გამოჩენილი სიზუსტე, რომლის შემდეგაც ატლანტელებმა ანგარიში გაათანაბრეს და შეხვედრა მეოთხე დამატებით 5-წუთეულამდე მივიდა.
ამ ტრამატული მატჩის შემდეგ „ატლანტამ“ მოგებ-წაგებები დაამრგვალა: 30-20. ამ შედეგით ატლანტელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე არიან. ამით დასრულდა „ქორების“ სამდღიანი მარათონი, რომლის განმავლობაშიც ჯორჯიელებმა სამი მატჩი ჩაატარეს და სამივე მოიგეს. მომდევნო მატჩში ფაჩულიას გუნდს მილუოკიში ზეგ გამთენიისას ელის.
videoრგოლი