20–წლამდელები: “სამედიცინომ” პირველობის შანსი ხელიდან არ გაუშვა

20–წლამდელები: “სამედიცინომ” პირველობის შანსი ხელიდან არ გაუშვა

სამედიცინო – დინამო      72:60
სოხუმი – ჰიუნდაი            111:76
ნიკე – ქუთაისი                   88:73
 
დღეს გამართული სამი მატჩის შემდეგ ცხრილის სათავეში „სამედიცინო“ მოექცა. მედიკოსებმა „დინამოს“ 72:60 მოუგეს და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს, ხოლო დამარცხებულ დინამოელებს „ნიკე“ წამოეწია, რომელმაც „ქუთაისს“ შანსი არ დაუტოვა.
 
ყველაზე დაძაბული სწორედ „სამედიცინოსა“ და „დინამოს“ მატჩი გამოდგა. მთელი სამი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ორივე გუნდი თავისას ცდილობდა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მიაღწია ხელჩასაჭიდ უპირატესობას. ბოლო მეოთხედის დაწყებამდე სერგო იშხნელის „სამედიცინოს“ ოდენ 2–ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მედიკოსებმა უკეთესად ითამაშეს, რაც ძირითადად მათი ლიდერის, მერაბ ბოქოლიშვილის დამსახურება იყო. მან საბოლოოდ 29 ქულა მოიპოვა, რომელსაც მხარი კარგად აუბეს ბექა ბექაურმა და კახა მუმლაძემ (ორივემ ორმაგი დუბლი მიითვალეს). ამ სამეულის დამსახურებით მედიკოსებმა ბოლო წუთებზე ის უპირატესობა მოიპოვეს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი იყო.
 
მომდევნო მატჩში „ნიკე“ „ქუთაისს“ ეთამაშა და საკმაოდ იოლად, 88:73 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან ლუკა ჭოხონელიძე გამოირჩა 32 ქულით, გიორგი ტეტელაშვილმა კი 20 ქულა, 9 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
ამ გამარჯვებით „ნიკე“ გაუთანაბრდა საპლეიოფო ზონაში მყოფ „დინამოს“. სავარაუდოდ სწორედ ეს ორი გუნდი იბრძოლებს პლეი ოფში გასასვლელი მეოთხე საგზურისთვის.
 
დღის ბოლო მატჩში კი „ჰიუნდაიმ“ ზედმეტი დაძაბულობის გარეშე დაამარცხა „სოხუმი“. გამარჯვებულებს დუდა სანაძემ ულიდერა 27 ქულით, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო ზურაბ მაჩალაძეც, რომელმაც 21 ქულა, 16 მოხსნა, 8 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
ლიდერ „სამედიცინოზე“ 1 მატჩით ნაკლები აქვს „რუსთავს“, რომელიც 19 მარტს შინ „მაკაბის“ ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატში კვლავ ორხელისუფლებიანობა დამყარდება.