20-წლამდელებმა რუმინეთთან ოვერტაიმში წააგეს, მაგრამ ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი რუმინეთთან დამატებით დროში 85:89 დათმო, თუმცა საბოლოოდ მაინც პირველ ადგილზე გავიდა. მატჩის წინ ცნობილი იყო, რომ დავით უსტიაშვილის გუნდი წაგების შემთხვევაშიც კი ჯგუფში პირველ ადგილზე გადიოდა. მწვრთნელმა ჩვენს ვებ–გვერდთან ინტერვიუში დღეს განაცხადა:
 
„პირველობა განაღდებული გვაქვს და ბოლო მატჩში გუნდის წამყვან მოთამაშეებს დიდად არ დავტვირთავ. მეტ სათამაშო დროს მივცემ სათადარიგოებს. რამდენიმე მათგანი საერთოდ არ გასულა მოედანზე. ყველას მივცემ შანსს, ხომ უნდა ვნახო, ოფიციალურ მატჩში ვის რა შეუძლია და შესაბამისად, თუკი საჭიროება მოითხოვს, მომავალ პრინციპულ მატჩებში გამოვიყენო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოსაგებად გავალთ მოედანზე“.
 
მართლაც, უსტიაშვილმა ამ მატჩებში ის კალათბურთელები ათამაშა, რომლებიც მანამდე მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილან: ტარიელ თავართქილაძე და აკაკი ლომოური. ამ უკანასკნელმა თამაში 18 ქულით დაასრულა. ლომოურმა მატჩის ბოლო წამებზე სამქულიანი ჩააგდო, რითაც ანგარიში გათანაბრდა და თამაში დამატებით 5–წუთეულშიო გადაიზარდა. დამატებით დროში კი რუმინელებმა მაინც არ დათმეს, ბოლომდე იბრძოლეს და ევროპის ჩემპიონატიდან კარი გაიჯახუნეს.
 
რაც შეეხება ჩვენი გუნდის ლიდერ თორნიკე შენგელიას, მან 32 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა – 22 ქულა, 11 მოხსნა. ორმაგი დუბლი ჰქონდა ასევე აკაკი დვალიშვილს – 13 ქულა, 11 მოხსნა.
 
ამ წუთებში მიმდინარეობს ჩვენი ჯგუფის ბოლო მატჩი, რომელშიც ჯგუფიდან გამსვლელი მეორე გუნდი ვლინდება. პოლონეთი – ესტონეთის მატჩს რომელი გუნდიც მოიგებს, მეორე ადგილზეც ის გუნდი გავა. საქართველოს მეტოქეები მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი და ჩვენც ამ ინფორმაციას ცაკლე შემოგთავაზებთ.
 
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. 18 ივლისი
საქართველო 85:89 რუმინეთი
ძირითადი დრო: 76:76
19:19 17:12 19:24 21:21 9:13
 
1.        საქართველო       5        4/1     418/394       9
2.         ესტონეთი                5          3/2       424/353           8
3.         პოლონეთი               5          3/2       366/358           8
4.         რუმინეთი                5          3/2       311/343           8
5.         მაკედონია                5          2/3       359/361           7
6.         შვეიცარია                 5          0/5       316/385           5