საკალათბურთო კლუბ “ოვერტაიმის” გამარჯვებით დასრულდა 20-წლამდელთა “ბ” ლიგის გათამაშება. საბა ზაქრაძისა და გიორგი რაზმაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში “მარგვეთი” 76:73 (სტატისტიკა) დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.
ეს და მიმდინარე სხვა ასაკობრივი ტურნირები წარმოადგენენ პოსტპანდემიური პერიოდ
იდან ნორმალურ საკალათბურთო რიტმზე გარდამავალ შეჯიბრებებს. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და სახელმწიფო რეგულაციების გამო საკალათბურთო ტურნირები ბოლო წლების მანძილზე ჩვეული განრიგით ვერ მიმდინარეობდა. ფედერაცია ყველაფერს აკეთებდა, რათა აქტივობა შეენარჩუნებინა და სპეციალურად შემუშავებული გრაფიკისა და რეგულაციების დაცვით არაერთი ტურნირი და ღონისძიება ჩატარდა. მიმდინარე სეზონში, სანამ სახელმწიფო რეგულაციები საბოლოოდ არ გაუქმდა, ტურნირების დაწყება ვერ მოხერხდა.
შემჭიდროებული გრაფიკით მიმდინარე ტურნირებიდან 20-წლამდელთა ჩემპიონატი ყველაზე ადრე დასრულდა, რადგან მასში მხოლოდ 8 გუნდი მონაწილეობდა. ჯგუფური ეტაპიდან ნახევარფინალში გავიდნენ: “ა” ჯგუფიდან დინამო და ზაზა 1, ხოლო “ბ”-დან – ოვერტაიმი და მარგვეთი. ორივე ნახევარფინალში “ბ” ჯგუფის წარმომადგენელმა გაიმარჯვა: ფინალში ოვერტაიმი მარგვეთს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით დაამარცხა. მესამე ადგილისთვის მატჩში ზაზა 1-მა 83:70 (სტატისტიკა) სძლია დინამოს.
პრიზიორები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა ვლადიმერ ძიძიგურმა და გამგეობის წევრმა, მამუკა ლომიძემ დააჯილდოვეს. საუკეთესო მოთამაშის პრიზი ოვერტაიმის კაპიტანს, ლუკა ქუტიძეს გადაეცა.