20-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება

20-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება

სხვა ასაკობრივი
ჩემპიონატებისგან განსხვავებით, 20-წლამდელთა ჩემპიონატში თანაბარი ძალის გუნდები თამაშობენ
და დაძაბული მატჩებიც ხშირადაა. გამონაკლისი არც დღევანდელი ტური იყო – გამართული
3 შეხვედრიდან ყველა საინტერესო გამოდგა.

 თუმცა „ოლიმპისა“ და „რუსთავის“ დაპირისპირება
გამორჩეული გახლდათ.

უფრო მეტიც: ასეთი
დაძაბული მატჩი მიმდინარე ჩემპიონატში თითო-ოროლა თუ გამართულა. რუსთაველებმა უდიდესი
შეუპოვრობისა და მობილიზების ხარჯზე თითქმის უიმედო მატჩს ინტრიგა შეუნარჩუნეს და ცოტაც
რომ გამართლებოდათ, გაიმარჯვებდნენ კიდეც, მაგრამ დამატებითი დროის ბოლო წუთებზე „ოლიმპს“
მეტად გაუმართლა და 88:82 იმარჯვა.

რუსთაველებმა
პირველი მეოთხედი 10 ქულით წააგეს, მეორეში უკეთ ითამაშეს და ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს.
მთავარი მოვლენები მესამე პერიოდში დატრიალდა, როცა რუსთაველთა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი
დვალმა მე-5 პერსონალური მიიღო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. დვალის პერსონალურების
რაოდენობა ეჭვქვეშ დააყენა ქვემოქართლელთა მწვრთნელმა ირაკლი ჯაფარიძემ, რომელმაც მსაჯთან
კამათის გამო ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ტექნიკური მიიღო და ავტომატური დისკვალიფიკაციის
გამო დარბაზის დატოვება მოუხდა.

მწვრთნელისა და
ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშისა გარეშე დარჩენილ რუსთაველებს ფაქტობრივად  მოგების შანსი აღარ დარჩათ – წინ კიდევ მთელი პერიოდი
იყო. ამის მიუხედავად, ქვემოქართლელებმა თამაშის დაგეგმარებას მშვენივრად გაართვეს
თავი და სულ არ ეტყობოდათ, რომ მწვრთნელისა და მთავარი გამთამაშებლის გარეშე იყვნენ.

რუსთაველები ბოლო
მეოთხედში არ გატყდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 8-10 ქულით ჩამორჩნენ, ანგარიშის გათანაბრება
და დაწინაურებაც კი მოახერხეს. ბოლო წამებზე ქვემოქართლელებს მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ
საჯარიმო ვერ ჩააგდეს და ოლიმპელმა თემურ ფხაკაძემ ფარქვეშიდან ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც ბოლო წუთზე დიმიტრი ჟაკობოვის გუნდმა იძალა
და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. რუსთაველთა წინააღმდეგობა ირაკლი მიქელაძის ბოლო წუთზე
ჩაგდებულმა სამქულიანმა გატეხა, როცა „ოლიმპის“ ლიდერობა 6 ქულამდე გაიზარდა.

ორივე გუნდიდან
10-ქულიან ზღვარს 4-4-მა მოთამაშემ გადააბიჯა. ოლიმპს 24ქულით და 12მოხსნით საბა ლობჟანიძემ
ულიდერა, ირაკლი მიქელაძემ 19 ქულა მიითვალა, ნოდარ გოგოძემ კი გუნდს 14 ქულა შემატა.
დამარცხებულებს შორის საუკეთესო 19ქულითა და 16 მოხსნით გიორგი ოქროჭელიძე იყო, ორმაგი
დუბლი შეასრულა შოთა ნარჩომაშვილმაც – 11ქულა, 12მოხსნა, ერეკლე ლორთქიფანიძის მონაგარმა
კი 16ქულა შეადგინა.

საინტერესო გამოდგა
დღის სხვა შეხვედრებიც. სოხუმმა დაძაბულ ბრძოლაში 7ქულის სხვაობით დაამარცხა დინამო
– 72:65 , შსს აკადემიამ კი ჰიუნდაისთან 74:56 იმარჯვა.

დინამო – სოხუმი  65:72

გამორჩეული მოთამაშეები

დინამო: ზეზვა ლილუაშვილი – 21 ქულა; შოთა გელაზონია – 14ქულა,11მოხსნა;
ბექა ღუდუშაური – 14ქულა,10მოხსნა.

სოხუმი: ოთო ბულიავა – 15ქულა; სანდრო მეგენეიშვილი – 14ქულა;
კახა ჯინჭარაძე – 12ქულა; დავით გაფრინდაშვილი – 11ქულა.

 

შსს აკადემია – ჰიუნდაი  74:56

გამორჩეული მოთამაშეები

შსს აკადემია: რეზო როგავა – 18ქულა; ლერი კვანტალიანი – 13ქულა,
14მოხსნა; გურამ კენჭიაშვილი – 12ქულა; სოსო მაჭავარიანი – 11ქულა.

ჰიუნდაი: კახა ტომარაძე – 18ქულა; სანდრო ბოლქვაძე – 12ქულა;
ლუკა ზაქრაძე – 10ქულა.