საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიები დაიწყო. უმაღლეს ასაკობრივ ჩემპიონატში 4 საუკეთესო გუნდი ფინალში გასასვლელად იბრძვის. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩები გაიმართა. შეგახსენებთ, რომ სერია 2 გამარჯვებამდეა და გუნდები, რომლებიც დღევანდელი მატჩების შემდეგ სერიაში დაწინაურდნენ, ფინალში გასასვლელად 1 გამარჯვების მოპოვებაც სჭირდებათ.
პირველ ნახევარფინალში დინამო და რუსთავი დაუპირისპირდნენ. თორნიკე გელოვანის გაწვრთნილ დინამოელებს მიმდინარე სეზონში მარცხი არ აქვთ და წარმატებული სერია ნახევარფინალშიც გააგრძელეს. რუსთაველებმა მათ მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა. საწყისი პერიოდი 27:24 დასრულდა, რის შემდეგაც დინამომ მატჩზე სრული კონტროლი დაამყარა და 3-ქულიანი ლიდერობა დიდი შესვენებისთვის 18 ქულამდე გაზარდა – 59:41.
ვითარება არც მეორე ნახევარში შეცვლილა. ლევან ფიცხელიანის დომინირებით დინამო ლიდერობას განუწყვეტლივ ზრდიდა და საბოლოოდ მეტოქე 34 ქულით – 106:72 (სტატისტიკა) დაამარცხა. ფიცხელიანმა, რომელიც სუპერლიგაში “ტიტების” ღირსებას იცავს, შეხვედრა 28 ქულით, 18 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. 20 ქულა და 8 პასი მოაგროვა სერგი ნინუამ, ხოლო ნიკოლოზ გულიაშვილის ანგარიშზე 19 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. რუსთაველთა გუნდში 23 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკა ჯანყარაშვილი. 16 ქულა და 9 მოხსნა ლევან ტურაშვილმა მიითვალა.
დინამო სერიაში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო მატჩი 23 ნოემბერს, რუსთავში გაიმართება მასპინძლების გამარჯვების შემთხვევაში, მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნება. ხოლო თუ დინამო მოიგებს, ფინალის საგზურს მოიპოვებს.
ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა მეორე ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი. ერთმანეთს სახელმწიფო და სამედიცინო უნივერსიტეტები შეხვდნენ. თსუ-მა რეგულარული ჩემპიონატი 6 მოგებითა და 2 მარცხით, A ჯგუფის პირველ ადგილზე დაასრულა, ხოლო თსსუ B ჯგუფში 5 მოგება-3 მარცხით მე-3 ადგილზე გავიდა. შესაბამისად, ეს გუნდები მეორე წყვილზე ტოლძალოვანი არიან და ეს მათმა თამაშმაც გამოაჩინა.
მატჩი თსუ-მა უკეთ დაიწყო და ხელჩასაჭიდ ლიდერობას დაეპატრონა. ლაშა მესხი, გუჯა ხვედელიძე და ლუკა მამლიკიძე თავისიანებს კარგად მიუძღვოდნენ წინ და პირველი პერიოდის შემდეგ თსუ 29:20 დაწინაურდა. მეორე ათწუთეულში თსუ-მ კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა და დიდი შესვენებისთვის უკვე 11 ქულას იგებდა – 49:38.
სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი მეტოქეს წინ არ უშვებდა. დიდ შესვენებაზე მედიკოსებმა პირველი ნახევრიდან სწორი დასკვნები გამოიტანეს და მესამე პერიოდიდან ზუსტად იმ ტაქტიკით ათამაშდნენ, რომელსაც მათთვის წარმატება მოჰქონდა. შეხვედრა თსსუ-მ მთავარი მწვრთნელის, ლაშა ელბაქიძის გარეშე დაიწყო, თუმცა ის პირველ პერიოდში მეგობრების თანხლებით დარბაზში გამოჩნდა და მთავარი მწვრთნელის სავარძელი დაიკავა. ელბაქიძეს ფეხის მოტეხილობა აქვს და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, თუმცა პრინციპულ თამაშზე მაინც მოვიდა და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
მეორე ნახევარში მედიკოსებს აშკარად დაეტყოთ სხვა ტაქტიკაზე გადაწყობა. ლუკა ხარაბაძემ და სერგი ბარაბაძემ საჯარიმო გადაკეტეს და თსუ-ს მაღლებს – ლუკა მამლიკიძეს, ლაშა მესხს და სხვა მეტოქეებსაც ფარქვეშ გასაქანს არ აძლევდნენ. შეტევაში მედიკოსთა ძირითადი იარაღი სწრაფი გარღვევები იყო, რაშიც თავი ლუკა ლურსმანაშვილმა ისახელა. ასაკით პატარა უკანახაზელმა, რომელიც 19 წლის 2 თვის წინ გახდა, 31 ქულა მიითვალა. მეორე ნახევარში მისი ჩაგდებული ბურთები თსსუ-ს მნიშვნელოვნად დაეხმარა.
თსსუ-მ მესამე პერიოდი 27:16 მორიგი და ანგარიში გაათანაბრა. ბოლო პერიოდის განახლება იყო და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი დაწინაურდა. ნუგზარ ჭეიშვილმა არაერთი წუთშესვენება აიღო და თსუ-ს მოთამაშეების გამოფხიზლებას ეცადა, მაგრამ ბოლომდე ეს ვერ მოახერხა. ანგარიში ერთხელ გათანაბრდა, ერთხელაც თსუ ქულით დაწინაურდა, თუმცა სამედიცინო უნივერსიტეტელებმა გადამწყვეტი წუთები მეტ მობილიზებითა და სიზუსტით ჩაატარეს და გამარჯვებამდე მივიდნენ – 89:84 (სტატისტიკა).
გამარჯვებულთაგან 31 ქულით საუკეთესო იყო ლურსმანაშვილი, რომელმაც ჩაროზად 9 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრაც მიითვალა. 12 ქულა, 10 მოხსნა და 4 ჩაჭრა სერგი ბარაბაძის ანგარიშზეა. ვახტანგ გედენიძემ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. თსუ-ს “ბრწყინვალე სამეულმა” ჯამში 73 ქულა მიითვალა. გუჯა ხვედელიძე – 33, ლაშა მესხი – 27 და ლუკა მამლიკიძე 13. ამ უკანასკნელმა 20 მოხსნა, 6 პასი და დაფარებაც მიითვალა.
ამ სერიის მეორე მატჩიც 23 მარტს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.