20-წლამდელთა ,,დამატებითი დრო”

20-წლამდელთა ,,დამატებითი დრო”

20-წლამდელთა
 ოფიციალური ვებ-გვერდი გთავაზობთ რუბრიკას
,,დამატებითი დრო’’, რომელიც საქართველოში მოთამაშე ახალგაზრდა კალათბურთელების შესახებ
დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით და  უფრო ახლოს
გაგაცნობთ მათ. 

 20-წლამდელთა ,,ოვერტაიმის’’
პირველი სტუმრები კლუბ ,,ოლიმპის’’ ახალგაზრდა კალათბურთელები – ირაკლი მიქელაძე და
საბა ლობჟანიძე არიან, რომლებიც 20-წლამდელთა ჩემპიონატის გარდა, სუპერლიგაშიც ასპარეზობენ.

 

      – რას იტყვით ,,ოლიმპის’’ კლუბის შესახებ?
როგორი ატმოსფეროა გუნდში?

ირაკლი:
გუნდში არაჩვეულებრივი გარემოა. ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი. გარდა იმისა, რომ
კლუბის წევრები ერთად დიდ დროს ვატარებთ ვარჯიშების და თამაშების პერიოდში, ერთმანეთთან
მოედნის გარეთაც ვმეგობრობთ და ეს თამაშშიც გვეხმარება.

საბა:
ძალიან მიხარია, რომ ამ კლუბის წევრი ვარ. გუნდში შესანიშნავი ატმოსფერო და განწყობაა,
პლეი ოფები მოახლოვდა და მაქსიმალურად ვემზადებით ჩემპიონობისთვის. 

 

–                     – როგორ
შეაფასებდით 20-წლამდელთა 2012-2013 წლების ჩემპიონატს?

ირაკლი:  მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 6 გუნდი იღებდა მონაწილეობას,
ძალიან დაძაბული, საინტერესო და მაღალი დონის ჩემპიონატი გამოვიდა. პლეი ოფში გასულ
გუნდებს თანაბარი სიძლიერის შემადგებლობა ჰყავთ და გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს.
ეს მოახლოებულ ნახევარფინალებს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

საბა:
შარშანდელთან შედარებით, კიდევ უფრო მოიმატა დონემ. მიუხედავად იმისა, რომ  რაოდენობით წელს ნაკლები გუნდი გამოდიოდა, ძალიან
ძლიერი და საინტერესო ტურები გაიმართა. კარგია, რომ თამაშები 4 წრედ ჩატარდა, მეტი
შეხვედრის  გამართვა მოგვიწია, რაც თამაშის
ხარისხზეც აისახება.

–                  – როგორ
შეაფასებდით მეტოქე გუნდებს და თქვენს შანსებს პლეი ოფში?

ირაკლი:
თამამად ვიტყვი, რომ აუცილებლად გავხდებით ჩემპიონები. ამაში დარწმუნებული ვარ. 

–                     – როდის
და რატომ გადაწყვიტეთ კალათბურთის თამაში?

ირაკლი:
კალათბურთს 5 წლიდან ვთამაშობ, მის გარეშე ვერც წარმომიდგენია ჩემი თავი. ვარჯიში და
თამაში ბათუმში დავიწყე და პირველი სერიოზული გამოცდილებაც სწორედ იქ მივიღე.

საბა:
მგონი, ყველაფერზე დავდიოდი, სპორტის თითქმის ყველა სახეობაში მოვსინჯე ძალები,  თუმცა ბოლოს კალათბურთს შემოვრჩი და ეს ძალიან მიხარია.
სერიოზული ვარჯიში აკადემიაში დავიწყე და როგორც სპორტსმენი, სწორედ იქ გავიზარდე.

–                               –  გაიხსენეთ
ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი გამარჯვება.

ირაკლი: 16-წლამდელთა
ნაკრებს ბელგიასთან გვქონდა თამაში და ბოლო წამს გამარჯვების ბურთი ჩავაგდე. ამ მოგებით
ჯგუფიდან გავედით. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და არასდროს დამავიწყდება ის ემოცია.

საბა: ორი
წლის წინ20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში არავის სჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით,
თუმცა ბოლო წუთებზე რამდენიმე 3 ქულიანი ჩავაგდე და თამაში მოვიგეთ. ალბათ სწორედ ის
გამარჯვება იყო ყველაზე დასამახსოვრებელი. 

 
– ორივე 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატები ხართ. რას იტყვით მომავალ ევროპის ჩემპიონატზე?

ირაკლი:
ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოვხვდით.  საკმაოდ რთული
თამაშები გველის წინ და გაგვიჭირდება. ჩვენთან ისეთი ნაკრებები მოხვდნენ როგორებიც
გერმანია,  საბერძნეთი, ლიტვა და სერბეთი არიან.
ბუნებრივია, ა დივიზიონში ყოველთვის გაცილებით მაღალი დონის გუნდები ასპარეზობენ, ვიდრე
უფრო ქვედა დივიზიონებში. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ
და არ შევრცხვეთ.

    
საბა: მართლაც
ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს, თუმცა ბიჭები მაქსიმუმს გავაკეთებთ.  
               – დაგვისახელეთ
თქვენი საყვარელი კლუბი და კალათბურთელი. რომელ გუნდში ისურვებდით თამაშს?
   საბა:NBA-ში
თამაში ყველა კალათბურთელის ოცნებაა, მათ შორის ჩემიც. ,,მაიამი’’ ჩემი საყვარელი გუნდია
და არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს.

   
ირაკლი:
NBA ნამდვილად ყველა კალათბურთელის ოცნებაა, თუმცა საყურებლად ევროპულ კალათბურთს ვამჯობინებ
და აქტიურად სწორედ ევროლიგას ვადევნებ თვალს.

 

–                   – როგორია
თქვენი სამომავლო გეგმები?

ირაკლი: ამ ასაკში სუპერლიგაში ასპარეზობით დიდ გამოცდილებას
ვიღებ, რაც მომავალში ძალიან გამომადგება. მინდა კარიერა ევროპის რომელიმე ძლიერ
გუნდში გავაგრძელო.

    
საბა: NBA ჩემი ოცნებაა, თუმცა თუ რეალურად შევხედავთ, ევროპაში სიამოვნებით ვითამაშებდი.

–                       -კალათბურთის
გარდა, სპორტის სხვა სახეობებს თუ ადევნებთ თვალს?

ირაკლი:
სპორტის დიდი გულშემატკივარი ვარ. აქტიურად ვუყურებ ფეხბურთს და ტენისს.

    
საბა:
სხვა სახეობებს ნაკლებად ვადევნებ თვალს, მთელ დროს კალათბურთს ვუთმობ.
 – როგორ 
ატარებთ თავისუფალ დროს, რა არის თქვენი ინტერესის სფერო?
ირაკლი:
მუსიკის გარეშე დღე ვერ წარმომიდგენია, ჩემთვის დასვენების და განტვირთვის საუკეთესო
საშუალებაა. თავისუფალ დროს ყოველთვის მეგობრების წრეში ვატარებ.

     
საბა:
თავისუფალ დროსაც ჩემს თავზე მუშაობას ვუთმობ, ტრენაჯორებზე დავდივარ, ვვარჯიშობ.

 
 – თქვენ,
როგორც ახალგაზრდა კალათბურთელები, რას ისურვებდით ჩემპიონატში და, ზოგადად, ქართულ
კალათბურთში? რა სჭირდება დღეს კალათბურთს ყველაზე მეტად?

ირაკლი:
კალათბურთის დონე სულ უფრო მატულობს, თუმცა სასურველია, ეროვნულ ჩემპიონატში უფრო მეტ
გუნდს ჰყავდეს ძლიერი შემადგენლობა. შარშან ,,არმიასთან’’ შეხვედრა ყველას გვიხაროდა,
რადგან ძალიან ძლიერ კალათბურთელებთან გვიწევდა თამაში. თუკი ბევრი გუნდი იქნება ისეთივე
კლასის, ჩემპიონატის დონეც აიწევს და მაყურებელიც უფრო აქტიურად ივლის თამაშებზე.

   
საბა:
ჩემი აზრით, კალათბურთს დღეს რეკლამა და პიარი სჭირდება. ხალხი უფრო  ინფორმირებული უნდა იყოს კალათბურთის შესახებ და
ხშირად იაროს თამაშებზე. გულშემატკივრების რაოდენობამ მოიმატა, თუმცა მეტი მხარდაჭერაა
საჭირო.

 

–         – საქართველოს
ეროვნული ნაკრები 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. როგორ შეაფასებდით ჩვენი
ნაკრების შანსებს?

   ირაკლი:
ჩვენი ნაკრები საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა, თუმცა ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს
და დარწმუნებული ვარ, ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ.

საბა: დავეთანხმები
ირაკლის, რომ ჩვენი ნაკრები ძალიან კარგ ფორმაშია და სასურველ შედეგს აუცილებლად აჩვენებენ.