20-წლამდელთა მორიგმა ტურმა საინტერესოდ ჩაიარა

20-წლამდელთა მორიგმა ტურმა საინტერესოდ ჩაიარა

20-წლამდელთა
ასაკობრივი ჩემპიონატის პირველი წრე დასასრულს მიუახლოვდა.

დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში 20-წლამდელთა ლიგის რიგით მე-8 ტური შედგა, რომელმაც ძალიან საინტერესოდ
და ემოციურად ჩაიარა.

დღის პირველ მატჩში ,,თბილისის კარდინალები” ტექნიკური
უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდნენ და მარცხი განიცადეს – 55:63.  შეხვედრის პირველი ნახევარი გუნდების გარდამავალი
უპირატესობით წარიმართა, რომელიც საბოლოოდ ,,კარდინელების” გამარჯვებით დასრულდა  – 31:27. გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა მესამე მეოთხედი,
სადაც თამაში ქულა-ქულაში წავიდა და პერიოდში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა –
16:16. მატჩის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რომელიც წინა მეოთხედებისგან განსხვავებით
სულ სხვაგვარად წარიმართა. ,,ტექნიკოსები” ჩინებულად გაისარჯნენ დაცვაში, ათწუთეულში
20:8 იმარჯვეს და შეხვედრა მოგებით დაასრულეს.  სტუ-ს გუნდს ზურაბ მაჩალაძემ ულიდერა, რომელმაც
22 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ,,თბილისის კარდინალების”
შემადგენლობაში 12 ქულით არჩილ  ფეიქრიშვილი
გამოირჩა. ორმაგი დუბლი მიითვალეს სანდრო ჭყონიამ(11ქულა და 10მოხსნა) და გიორგი ხარაძემ(11ქულა
და 16 მოხსნა).

,,დინამომ” ,,რუსთავს” უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით
დაამარცხა – 91:61. დინამოელებმა თავიდანვე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, რომელიც
მატჩის ბოლომდე  შეინარჩუნეს. გამარჯვებულებს
ირაკლი ალხანაიძემ ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლია,
ხოლო ქვემოქართლელთა რიგებში 13 ქულა ერეკლე ლორთქიფანიძემ დააგროვა.

უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა დღის მესამე
შეხვედრა, სადაც დებიუტანტმა ,,ოლიმპმა” შინ ,,ქუთაისი” მიიღო და მეტოქეს  ერთი ქულის სხვაობით, 81:80 სძლია. დღევანდელ ტურში
ეს შეხვედრა  გამორჩეული და საინტერესო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი სამი მეოთხედი 
ფრედ დასრულდა – 19:19; 19:19  და
23:23. მთელი შეხვედრა გუნდების გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, გამარჯვებული
 კი მატჩის ბოლო  წამებამდე 
არ გამოვლინდა. დასკვნით პერიოდში გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა.
შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით 33 წამი რჩებოდა, ტაბლოზე კი საყაიმო ანგარიში იყო
დაფიქსირებული (79:79),  როდესაც ოლიმპის მოთამშემ
ბაჩო თუთიაშვილმა 2-ქულიანი მოათავსა ქუთაისელთა კალათში და თავისი გუნდი უმნიშვნელოვანეს
მომენტში წინ გაიყვანა – 81:79. თუთიაშვილის 2-ქულიანს ოლიმპელთა ჯარიმა მოჰყვა, თუმცათემურ
ფხაკაძემ 2-საჯარიმოდან მხოლოდ 1გამოიყენა და სხვაობა მინიმუმადე დაიყვანა –
81:80. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე სულ რამდენიმე წამი რჩებოდა, იმერლებმა
შანსი ვერ გამოიყენეს და მარცხი განიცადეს.

ოლიმპელებს 37 ქულით ლუკა მინაშვილმა ულიდერა, ხოლო
ორმაგი დუბლი ბექა ნადირაძემ (19ქულა და 10 მოხსნა) და კახა მუმლაძემ(16ქულა და 14მოხსნა)
მიითვალეს. ,,ქუთაისის”  შემადგენლობაში გამოირჩა
ლევან გრძელიძე, რომელმაც საკუთარ გუნდს 26 ქულა შესძინა.

 არანაკლებს
საინტერესო გამოდგა ტურის დასკვნითი მატჩი, სადაც ერთმანეთს სოხუმისა და შინაგან საქმეთა
სამინისტროს გუნდები დაუპირისპირდნენ. ,,შსს აკადემიამ” 69:65 იმარჯვა ,,ზღვისპირელებთან”
და მიმდინარე ჩემპიონატში წაუგებელ სერიას განაგრძობს. შეხვედრა ,,ძალოვანთა”უპირატესობით
წარიმართა, სოხუმელებმა სხვაობა მინიმუმადე მეორე პერიოდის დასრულებამდე 1.27 წუთით
ადრე დაიყვანეს – 31:30, თუმცა შსს-მ მეტოქეს არ მისცა წინ გასვლის საშუალება და დიდ
შესვენებაზე 3 ქულის უპირატესობით( 33:30) გავიდა.  მესამე მეოთხედში შსს-მ აღნიშნული უპირატესობა კიდევ
უფრო გაიმყარა  და მდევრის როლში მყოფი ,,სოხუმი”
საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით დაამარცხა.

გამარჯვებულებს 21 ქულით მერაბ ბოქოლიშვილმა ულიდერა,
ხოლო  15 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი
ნოდარ თენეიშვილმა შეასრულა. ,,სოხუმის” შემადგენლობაში გამოირჩა ოთო ბულიავა, რომელმაც
16 ქულა მიითვალა.