ცნობილია იმ 20 მოთამაშის ვინაობა, რომელიც 20–წლამდელთა ნაკრების გაფართოვებულ შეკრებაზე 10 ივნისს გამოცხადდება. დავით უსტიაშვილმა უკვე შეარჩია კანდიდატები და მათ ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) შეარჩევს. ტურნირი 14–დან 24 ივლისამდე ბოსნია–ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება, სადაც ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრების მეტოქეები პოლონეთი, ესტონეთი, შვეიცარია, რუმინეთი და მაკედონია იქნებიან.
ჩვენი ნაკრების შეკრება 10 ივნისს დიღომში მდებარე „დინამოს“ ბაზაზე დაიწყება. 20 კანდიდატი ერთად 5–6 დღე ივარჯიშებს, რის შემდეგაც დავით უსტიაშვილის განცხადებით, ის შემადგენლობას გაცხრილავს და შეკრებაზე 15–16 მოთამაშეს დატოვებს. სწორედ ეს შემადგენლობა გააგრძელებს შეკრებას და იმ სპარინგ–მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც უახლოეს ხანებში დაიგეგმება. კალათბურთის ფედერაცია მუშაობს რამდენიმე ვარიანტზე, რათა საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებს სპარინგ–პარტნიორები შეურჩიოს.