15 ივლისს თბილისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონი დაიწყება, რომელში მონაწილეობასაც 19 ნაკრები მიიღებს. ეს გახლავთ მასშტაბური ღონისძიება, რომლის გამარჯვებული და მომდევნო 2 პრიზიორი 2023 წლისთვის ელიტარულ, “ა” დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.
მასშტაბი და მნიშვნელობა ძალიან დიდია, თუმცა 20-წლამდელთა ჩემპიონატი ევრობასკეტის წინ კარგი რეპეტიცია იქნება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვის, რომელიც აღნიშნულ ტურნირებს ფიბასთან მჭიდრო თანამშრომლობით ატარებს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ტურნირს კარგად მომზადებული ხვდება. ჩვენმა გუნდმა ტურნირამდე 3 შეკრება გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრები ჯერ რაჭაში იმყოფებოდა, სადაც ფიზმომზადება გაიარა, შემდეგ კი საბერძნეთსა და თურქეთში ჯამში 4 სპარინგ-მატჩი გამართა.
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თამაშებს როგორც ოლიმპიური სასახლე, ასევე ახალი „თბილისი არენა“ (უნივერსიტეტის ქუჩა N15ა) უმასპინძლებს. ტურნირის მონაწილე 19 ნაკრები 5 ჯგუფშია განაწილებული. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „ბ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ავსტრია და კოსოვო ჰყავს.
გათამაშების სისტემის მიხედვით თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო ნაკრები გავა, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ, ხოლო პლეი ოფს მიღმა დარჩენილები ტურნირის 9-19 ადგილებს გაითამაშებენ. “ბ” დივიზიონის ჩემპიონი, ფინალში დამარცხებული გუნდი და მესამეადგილოსანი “ა” დივიზიონის საგზურებს მოიპოვებენ და 2023 წლის ზაფხულში ელიტაში იასპარეზებენ.
დღეს საქართველოს ნაკრებმა, ისევე როგორც ტურნირის მონაწილე კიდევ 18-მა გუნდმა ოლიმპიურ სასახლესა და “თბილისი არენაზე” ივარჯიშეს. ჩვენი ნაკრების ვარჯიშის დასკვნითი ნაწილი ჟურნალისტებისთვის ღია იყო.