20-წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიში კალათბურთის აკადემიაში

20-წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიში კალათბურთის აკადემიაში

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩმპიონატისთვის ემზადება. დავით უსტიაშვილის გუნდს 12-22 ივლისს სლოვენიაში ევროპირველობის A დივიზიონში მოუწევს თამაში. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ლატვია იქნებიან.
საქართველოს ნაკრებში სასელექციო მუშაობა ზამთრის შემდეგ მიმდინარეობდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. მთავარმა მწვრთნელმა 14 კალათბურთელი შეარჩია, რომლებიც ჯერ ფიზიკურად ემზადებოდნენ, ხოლო 11 ივნისიდან აკადემიის დარბაზში შეკრებას გადიან. საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი 12 კალათბურთელი შეირჩევა.

20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე 4 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. თბილისში ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებს 26 და 27 ივნისს გაეჯიბრება, ხოლო 5 და 6 ივლისს ესტონეთში ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩაატარებს საკონტროლო მატჩებს.
20–წლამდელთა ნაკრებმა დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ღია ვარჯიში ჩაატარა.
აი, რა განუცხადა დავით უსტიაშვილმა ჟურნალისტებს:
–    20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნფინალური ტურნირისთვის სრული შერმადგენლობით ემზადებით?
 –   აშშ-ს ერთ-ერთი კოლეჯის გუნდის წევრს, პერიმეტრის მოთამაშე კოღუაშვილს წელის ტრავმა აქვს და ნაკრებში მოხვედრის შანსი დაკარგა. ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა ფხაკაძე. თბილისშია ბურჯანაძე, რომელიც დღეს საღამოს ვარჯიშზე შემოგვიერთდება.

–    შარშანდელი შემადგენლობიდან თუ დარჩა ვინმე გუნდში?
 –    ძველი შემადგენლობიდან, რომელმაც “A” დივიზიონში ასპარეზიბის უფლება მოგვაპოვებინა, სამი კალათბურთელი: სანაძე, ბოქოლიშვილი და თენიეშვილი თამაშობენ. დანარჩენები გუნდში ასაკის გამო ვერ მოხვდნენ.
–    როგორ აფასებთ ჩვენი გუნდის პირველ სამეულში მოხვედრას და ჯგუფიდან გასვლის შანსს?
 –    ესპანეთი “C” ჯგუფის გამოკვეთილი ლიდერია, დანარჩენ გუნდებს II-III ადგილზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ.
–    საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა რაში მდგომარეობს?
 –    ფარზე ბურთისთვის ბრძოლა გაგვიჭირდება, რადგან ტანმაღალი კალათბურთელების სიმცირეს განვიცდით.
 

უკანა ხაზი: რეზო როგავა (”სოხუმი”), გიორგი ტეტელაშვილი (სტუ), დუდა სანაძე (”დინამო”), მერაბ ბოქოლიშვილი (“შსს აკადემია”), ოთარ ფხაკაძე (“ლიბერთი-ქრისტეან”).
ფორვარდები: საბა ლობჟანიძე (სტუ), ნოდარ თენიეშვილი (“შსს აკადემია”), კახა ჭინჭარაძე (თსსუ), ლევან ელიაძე (”ბათუმი”-რსუ), ზურა მაჩალაძე (სტუ), ბექა ბურჯანაძე (“კახასოლი, ესპანეთი).
ცენტრები: გოგა ჯავახიშვილი (სტუ), ირაკლი ალხანაიძე (“დინამო”), ავთო ლომინაშვილი, (“ქუთაისი-2010”)
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი
ასისტენტი: არჩილ ჟღენტი
მენეჯერი: გია სანაძე