20-წლამდელთა ნაკრებმა გერმანიასთან ბოლო მეოთხედში წააგო

20-წლამდელთა ნაკრებმა გერმანიასთან ბოლო მეოთხედში წააგო

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩი გამართა. დავით უსტიაშვილის გუნდის მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე მომავალი მეტოქე გერმანია იყო, რომელსაც ქართველები ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 8 ქულით ამარცხებდნენ, თუმცა ორივე ცენტრალური თავდამსხმელმა 5 პერსონალური მიიღო, რასაც შეცდომებიც დაერთო და გერმანელებმა 76:67 იმარჯვეს.
 
„თამაშის განმავლობაში 14 ქულით ვიგებდით, მაგრამ კარგად დაწყებული მატჩი გამარჯვებამდე ვერ მივიყვანეთ – გვითხრა დავით უსტიაშვილმა, იტალიაში რომ შევეხმიანეთ –  ბოლო პერიოდში ტანმაღალი მოთამაშეების გარეშე დავრჩით. შოთა გელაზონიამ და გიორგი ცირეკიძემ 5 პერსონალური მიიღო და მოედანი დატოვეს, ხოლო ლერი კვანტალიანმა კოჭი ამოიტრიალა და ვერ თამაშობს. ბოლო პერიოდში ავირიეთ, რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დავუშვით, ჩვენი სროლები არ ჩავარდა, გერმანელებს კი სროლები წაუვიდათ და დავმარცხდით“.
 
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო კვლავ ბექა ბურჯანაძე იყო, რომელმაც 26 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ირაკლი მიქელაძემ 11 ქყკლა დააგროვა, ოთარ ფხაკაძემ და ნიკა რამიშვილმა კი შეხვედრა 8-8 ქულით დაასრულეს. საქართველოს ნაკრები ტურნირის ბოლო მატჩს რუსეთთან გამართავენ, რომელმაც გუშინ გერმანიის განადგურების შემდეგ დღეს მასპინძძლებს 58:49 მოუგო.
 
„რუსეთს რეალურად 20-წლამდელთა ნაკრები არ ჰყავთ. ეს არის ის გუნდი, რომელიც მსოფლიოს უნივერსიადისთვის ემზადება და რომელშიც 1989 წელს დაბადებული რამდენიმე კალათბურთელი თამაშობს. რუსებს ჰყავთ ეროვნული ნაკრების რამდენიმე კანდიდატი, ასევე წევრიც. მათთან თამაში კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენთვის და გამოცდილებასაც მივიღებთ“ – გვითხრა უსტიაშვილმა.
 
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა შეხვედრა 23 ივნისს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. უსტიაშვილი გუნდი იტალიის ქალაქ ფომეჯი დიკადორეში გადაინაცვლებს, სადაც 28-30 ივნისს კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს ბულგარეთთან, უკრაინასთან და იტალიასთან ერთად.
 
საერთაშორისო ტურნირი. მოსკიანო სანტ-ანჯელო. იტალია. 22 ივნისი
გერმანია 76:67 საქართველო
სტასტისტიკა: http://www.fibalivestats.com/matches/20511/08/17/08/32rsthELkQIw/