დღეს დიღომში მდებარე „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა. დავით უსტიშვილის გუნდის ვარჯიშს პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც ნაკრების მწვრთნელებსა და მოთამაშეებს გაესაუბრნენ.
20–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) ემზადება. წლის მთავარი შეჯიბრი 14–24 ივლისს ბოსნია–ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება. ჩვენი ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან: პოლონეთი, ესტონეთი, შვეიცარია, რუმინეთი და მაკედონია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მთავარი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით 10 ივნისს შეიკრიბა. ტრავმების გამო ნაკრებს გიორგი კოღუაშვილი და ლევან ელიაძე გამოაკდნენ, ხოლო ზურაბ მაჩალაძის, გოგა ჯავახიშვილის, ავთანდილ ლომინაშვილის და კახა მუმლაძის გამოკლების მიზეზი კონკურენცია გახლდათ.
ჰოლანდიის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც 1–3 ივლისს გაიმართება, საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის წინ გენერალური რეპეტიცია იქნება. დავით უსტიაშვილის გუნდი ნიდერლანდებში სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ჰოლანდიის 20 და 23–წლამდელთა და ავსტრიის 20–წლამდელთა ნაკრებებთან.
დავით უსტიაშვილი:
„ჰოლანდიის საერთაშორისო ტურნირზე ნაკრები კარგ გამოცდილებას მიიღებს. საშუალება მოგვეცემა, ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციები ამხანაგურ მატჩებში დავხვეწოთ. საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს და სამუშაოც ბევრია. ეს ბიჭები საკმაოდ პერსპექტიულები არიან, მგრამ საკუთარ თავზე მუშაობა მართებთ. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ვთვლი, რომ საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. პოლონეთს თითქმის ყოველთვის სოლიდური გუნდი ჰყავს, ასევეა შვეიცარია, ესტონეთი, რუმინეთიც. იოლი არ იქნება, თუმცა უნდა მოვინდომოთ და ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ, მთავარია, ჯერ პირველი ბარიერი დავძლიოთ“.
თორნიკე შენგელია ეროვნული ნაკრების წევრია, თუმცა 20–წლამდელებშიც უწევს თამაში და ის დავით უსტიაშვილის გუნდს 14–დან 24 ივლისამდე ბოსნია–ჰერცოგოვინაში დაეხმარება, რის შემდეგაც უსტიაშვილთან ერთად ეროვნულ გუნდს ავსტრიაში შეუერთდება.
თორნიკე შენგელია:
„არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდულშიც ისეთივე მონდომებული ვიქნები, როგორც ეროვნულ ნაკრებში. ჩვენ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრბებში გვითამაშა და შეთამაშებულებიც ვართ. უნდა მოვინდომოთ და სარაევოში მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ“.
მერაბ ბოქოლიშვილი:
„გასული სეზონი ევროპის წამყვანი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ „აველინოში“ გავატარე, სადაც დიდი გამოცდილება და პრაქტიკა მივიღე. ვფიქრობ, იტალიაში მიღებულ გამოცდილებას ახალგაზრდულ ნაკრებს მაქსიმალურად მოვახმარ და ერთიანი ძალისხმევით კარგ შედეგს
მივაღწევთ“.