20-წლამდელთა პლეიოფი

20-წლამდელთა პლეიოფი

2 აპრილს 20-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი დაიწყება.
ასაკობრივ ლიგებს შორის ყველაზე თანაბარი და შესაბამისად საინტერესო ტურნირში გადამწყვეტი
მატჩების დრო დადგა.

 ჩემპიონობისთვის ბრძოლას 4 საუკეთესო გუნდი აგრძელებს, რომელთაგან
პირველობის შანსი ყველას აქვს და ამ ტურნირის მთავარი პლუსიც ესაა.

პლეი ოფი ნახევარფინალიდან იწყება, სადაც ერთმანეთს
„ოლიმპი“ – „რუსთავი“ და „შსს-აკადემია“ – „სოხუმი“ ხვდებიან. რეგულარული პირველობის
გამარჯვებული „ოლიმპი“ ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლ და მობილურ გუნდ „რუსთავს“
ხვდება. ქვემოქართლელებმა პლეი ოფში ბოლო წამს გააღწიეს. რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა
გუნდმა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 6 მატჩი მოიგო, რის შემდეგაც, ბურთების შეფარდების
წყალობით „დინამოს“ გადაუსწრო და ოთხეულში მოხვდა.

 რუსთაველებს მოედნის უპირატესობა რომ ჰქონდეთ, ფავორიტებად
ჩაითვლებოდნენ, თუმცა თუკი ნახევარფინალურ სერიაში საქმე მესამე, გადამწყვეტ მატჩამდე
მიდგება, შეხვედრას „ოლიმპის“ მშობლიური საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს.

 მეორე წყვილში ფავორიტის დასახელება ურთულესია. ფინალში
გასვლის შანსი „სოხუმსაც“ აქვს და „შსს-აკადემიასაც“. საქმე ისაა, რომელი როგორ შეხვდება
ნახევარფინალურ სერიას. რეგულარული სეზონი აკადემიელებმა უხეიროდ დაასრულეს. პირველ
და მეორე წრეში არჩილ ჟღენტის გუნდმა თამაშების დიდი უმეტესობა მოიგო, ხოლო მესამე
და მეოთხე წრეში პირიქით. საბოლოოდ „შსს-აკადემიამ“ იმდენივე ქულა დააგროვა, რამდენის
„რუსთავმა“ და პლეი ოფს მიღმა დარჩენილმა „დინამომ“, თუმცა აკადემიელებმა ორივე კონკურენტს
პირად მატჩებში უპირატესობით აჯობეს.

 ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდეა, ისევე როგორც ფინალი.
პირველი მატჩები 2 აპრილს, მეორე კი – 4 აპრილს გაიმართება. თუკი საქმე მესამე მატჩამდე
მივა, გადამწყვეტი შეხვედრა 6 აპრილს ჩატარდება. ფინალური სერიის მატჩები 8, 11 და
საჭიროების შემთხვევაში 13 აპრილს გაიმართება. 
მესამე ადგილის მფლობელი ერთმატჩიან დაპირისპირებაში 11 აპრილს გამოვლინდება.