2012 წლის ბოლო დღეს: შენგელიას 9 წუთი და ფაჩულიას ორიანები

2012 წლის ბოლო დღეს: შენგელიას 9 წუთი და ფაჩულიას ორიანები

2012 წლის ბოლო დღეს გამართული მატჩები ნბა–ში მოთამაშე კალათბურთელებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მარცხი განიცადა ბოლო დროს მოგებებს ნაჩვევმა ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“, ასევე წააგო თორნიკე შენგელიას „ბრუკლინმა“.
 
თორნიკე შენგელიამ თითქმის 9 წუთი ითამაშა „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ, რომელმაც „ბრუკლინ ნეთსი“ 104:73 გაანადგურა. მესამე მეოთხედი ბრუკლინელელებმა 5:30 (!) წააგეს და მატჩის ბედიც სწორედ ამის შემდეგ გაირკვა. ბოლო მეოთხედს აზრი დაკარგული ჰქონდა და მწვრთნელმა ყველა სათადარიგოს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.
 
9 წუთის განმავლობაში შენგელიამ მხოლოდ ერთხელ შეუტია სანანტონიოელთა ფარს და ისიც არაზუსტად. ქართველმა ფორვარდმა აქტივში 3 მოხსნა და 1 პასი ჩაიწერა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ახალბედებიდან ქულა მხოლოდ ტაიშონ ტეილორმა მიითვალა, რომელმაც 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო მირზა ტელეტოვიჩმა მოედანი თითო მოხსნა-პასით დატოვა.
 
რაც შეეხებათ ატლანტელებს, აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი ჰიუსტონში უშანსოდ დამარცხდა. ფაჩულიას გუნდმა „როკეტსთან“ სეხვედრა 104:123 დათმო. მოედანს დაუბრუნდა და სასტარტო ხუთეულში დაიკავა ადგილი ჯოშ სმიტმა, ქართელმა ცენტრმა კი შესაბამისად სათადარიგოებში გადაინაცვლა.
 
ფაჩულიამ 16 წუთი ითამაშა და მოედანი 2 ქულით, 2 მოხსნითა და 2 პასით დატოვა. ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ატლანტელებში საუკეთესო ალ ჰორფორდი გახდა 18 ქულითა და 13 მოხსნით, ბომბარდირობა კი 21 ქულის მიმთვლელმა ლუი უილიამსმა ითავა.
 
მიუხედავად მარცხისა, „ატლანტა“ აღმოსავლეთში მესამე ადგილს მყარად ინარჩუნებს, „ბრუკლინი“ კი კვლავ მეშვიდეა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ჩვენი დროით დღეს, შუაღამეს ნიუ ორლეანში გამართავს, ხოლო „ბრუკლინი“ ზეგ გამთენიისას ოკლაჰომაში „სანდერს“ დაულირისპირდება.