2020-2021 წლების სუპერლიგის სეზონი ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

2020-2021 წლების სუპერლიგის სეზონი ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. საკალათბურთო სუპერლიგის 2020-2021 წლების სეზონმა სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს, 2 მატჩით აიღო. გამართული 2 შეხვედრიდან პირველში ბრძოლა არ შედგა, ხოლო მეორე შედარებით დაძაბული გამოდგა.

თავდაპირველად ერთმანეთს 5 დღის წინ დუდუ დადიანის მემორიალის მომგები “ქუთაისი” და “ვერა” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქუთაისელთა 35-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდის უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა და მთელი თამაშის მანძილზე მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. იმერულმა კლუბმა პირველი ათწუთეული 25:4 მოიგო, შემდეგ კი მოპოვებულ უპირატესობას ნელ-ნელა ზრდიდა.

ვერელების 2 ლეგიონერი დარბაზში კი იმყოფებოდა, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ და გუნდს მხოლოდ დღეს შეუერთდნენ. 3 ლეგიონერის მყოლ ქუთაისელებს არ გასჭირვებიათ მეტოქის ძლევა და ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს – 88:53 (სტატისტიკა).

23 ქულით ქუთაისელთაგან ბომბარდირი კაჰიმ რენსომი გახდა. აკაკი დვალიშვილმა 14 ქულა, 14 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. დეჟან რაიტის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. “ვერაში” 15 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ვახტანგ ქადარია.

მეორე შეხვედრაში “კაკტუსმა” “მგზავრები” დაამარცხა – 75:71 (სტატისტიკა). შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. დასკვნით ეპიზოდში უფრო დამაჯერებლად არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა ითამაშეს და დამსახურებულ გამარჯვებასაც მიაღწიეს. არადა, “მგზავრებმა” ბოლომდე იბრძოლა. თავიდან სოლიდური სხვაობით ჩამორჩენილმა ანგარიშიც გააბათილა და იგებდა კიდეც, თუმცა გუნდური თამაშის წყალობით კაკტუსელებმა მოახერხეს კარგად დაწყებული საქმის გამარჯვებამდე მიყვანა.

აღსანიშნავია, რომ კაკტუსელთაგან ქულები მხოლოდ ხუთმა მოთამაშემ – ხუთეულის წევრებმა მოიპოვეს. საუკეთესო იყო ეი ჯეი სამბრი – 22 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი. სამაი ჰეინს-ჯონსმა 21 ქულა მიითვალა, ხოლო სანდრო სანაძის ანგარიშზე 17 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. მგზავრებში 20 ქულით საუკეთეო იყო სოსო გოგნაძე, 12 ქულა ჯეიდონ კოჰის ანგარიშზე დაგროვდა.

პირველი ტურის მომდევნო მატჩი ხვალ, 18 ოქტომბერს, თსუ-სა და “ბათუმს” შორის გაიმართება. ხოლო დასკვნითი 2 მატჩს ოლიმპიური სასახლე 21 ოქტომბერს უმასპინძლებს.