იწყება 2021-2022 წლების საკალათბურთო სეზონი, რომელიც ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ტრაგიკულად დაღუპული ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის მემორიალი 5 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას სუპერლიგის 9 გუნდი მიიღებს.
3 ჯგუფში გადანაწილებული გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც პირველ ადგილზე გასულები ნახევარფინალში გავლენ. მეოთხე გუნდი, რომელიც ნახევარფინალს შეავსებს, საუკეთესო მეორეადგილოსანი იქნება. დებულების თანახმად, ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთს არ შეხვდებიან.
5, 6 და 7 ოქტომბერს ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება. ნახევარფინალური შეხვედრები 8 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო ფინალური შეხვედრა, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს, ოლიმპიურ სასახლეში 10 ოქტომბერს გაიმართება.
ქვეყანაში არსებული პანდემიიდან გამომდინარე, ტურნირი მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, გულშემატკივრების გარეშე, კოვიდ19-ის პროტოკოლის დაცვით ჩატარდება.