2022-2023 წლების სეზონის საუნივერსიტეტო ლიგა იწყება. სტუდენტური ლიგა გახლავთ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ შემუშავებული ერთობლივი პროექტია, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და სტუდენტურ გუნდებს პროფესიონალური კალათბურთისკენ უხსნის გზას.
სტუდენტური ლიგა, 2018 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს სტუდენტი კალათბურთელების პროფესიულ სპორტში ჩართვას, სტუდენტური გულშემატკივრობის გაძლიერებას, უმაღლეს სასწავლებლებსა და ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
წლევანდელ ჩემპიონატში 8 გუნდი იღებს მონაწილეობას: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და აგრარული უნივერსიტეტი.
რაც შეეხება მე-8 მონაწილე გუნდს, ჩემპიონატში ადგილისთვის, წინა სეზონის საუნივერსიტეტო „ბ“ ლიგის მეორე ადგილოსანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და „ა“ ლიგის მე-7 ადგილოსანი თსსუ იბრძვიან. საკვალიფიკაციო სერია 2 მოგებამდე გაიმართება და გამარჯვებული გუნდი საუნივერსიტეტო „ა“ ლიგაში მოასპარეზე 7 გუნდს შეუერთდება.
ტურნირის დაწყებამდე, 28 აპრილს, 14:00 საათზე, თბილისის ოლიმპიური სასახლე ჩემპიონატის კენჭისყრას უმასპინძლებს, რომელსაც საუნივერსიტეტო ფედერაციის პრეზიდენტი ნინო გიგინეიშვილი და კალათბურთის ფედერაციის საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, გიორგი ზაბახიძე გაუძღვებიან.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ლიგის გამარჯვებული გუნდი საქართველოს საუნივერსიტეტო ლიგის ჩემპიონი გახდება და მომდევნო, 2023-2024 წლების სეზონის საქართველოს „ა“ ლიგაში იასპარეზებს, სადაც შესაბამის დაფინანსებას მიიღებს და სუპერლიგის საგზურისთვის იბრძოლებს!