22-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერია ვსა-მ რუსთავის დამარცხებით გახსნა

22-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერია ვსა-მ რუსთავის დამარცხებით გახსნა

 

22-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერია რუსთავში, „ქიმიკოსთა დარბაზში“ ხმაურიანად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნები ბოლომდე შეივსო და მასპინძელთა საგულშემატკივროდ ქალაქის მერი, ნინო ლაცაბიძეც მივიდა, გამარჯვება სტუმრებს — ვიქტორ სანიკიძის აკადემიას (ვსა) დარჩა. მატჩი ანგარიშით 77:87 (სტატისტიკა) დასრულდა.

შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდი „რუსთავმა“ დამაჯერებლად, 29:15 მოიგო. თუმცა, მეორე მეოთხედიდან ვითარება რადიკალურად შეიცვალა — ნიკაბიწკინაშვილის გაწვრთნილმა ვსა-მ თამაში დაალაგა, ეს მონაკვეთი 7:25 მოიგო და დიდ შესვენებაზე უკვე ლიდერის ამპლუაში გავიდა. მასპინძლები ეცადნენ თამაშში დაბრუნებას, მაგრამ სტუმრებმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს.

ვსა-ს გამარჯვებაში ლომის წილი იმ მოთამაშეებმა დაიდეს, რომლებმაც გადამწყვეტ მომენტებში სიზუსტე გამოიჩინეს: დავით ჭუაძემ გუნდს 21 ქულა და 5 პასი შესძინა, გიორგი ნიკოლაევმა აქტივში 19 ქულა ჩაიწერა, ვატო გაჩეჩილაძემ 17 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ხოლო დავით გოგოლაძემ შეხვედრა 10 ქულით დაასრულა. მათ ეფექტურ თამაშს დაემატა გიორგი დოხნაძის დომინაცია ფარქვეშ, რომელმაც 10 ქულასთან ერთად 12 მოხსნა მოაგროვა. „რუსთავის“ მხრიდან საუკეთესო იყო ლუკა მუჯირიშვილი, რომელმაც 23 ქულით მატჩის ბომბარდირის ტიტული დაისაკუთრა, ხოლო გიორგი ჯანგველაძემ 12 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

ფინალური სერია ორ მოგებამდეა. შემდეგი შეხვედრა 17 მაისს, დიღომში, ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ვსა ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ხოლო „რუსთავის“ წარმატების შემთხვევაში, მესამე, გადამწყვეტი მატჩი 19 მაისს კვლავ რუსთავში შედგება.