22-წლამდელთა სადებიუტო ჩემპიონატისთვის წილისყრით გუნდები ჯგუფებში განაწილდნენ

22-წლამდელთა სადებიუტო ჩემპიონატისთვის წილისყრით გუნდები ჯგუფებში განაწილდნენ

ნოემბრის პირველ ნახევარში სტარტს აიღებს საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატი. აღნიშნულ ასაკში პირველობა პირველად ტარდება, რისი მიზანიც სრულწლოვანი კალათბურთელებისთვის სპორტის ამ სახეობაში დარჩენისა და დამკვიდრების დამატებითი შანსია. 

შესაბამისად, 20-წლამდელთა მარჟა 22-ამდე გაიზარდა და მივიღეთ უფრო მასშტაბური ტურნირი, რომელშიც სადებიუტო სეზონში 15 გუნდი იასპარეზებს. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში ტურნირის წილისყრა გაიმართა, რომელსაც სუპერლიგის დირექტორი გიორგი ჯაფარიძე და მისი მოადგილე, ვანო ლაცაბიძე გაუძღვნენ. მონაწილე გუნდების წარმომადგენლებმა დოლურადან განუთესავი გუნდების დასახელებები ამოიღეს, რომლებითაც A და B ჯგუფები შეივსნენ. რაც შეეხება განთესილებს, ეს მხოლოდ რეგიონული პრინციპის გათვალისწინებით მოხდა. 

22-წლამდელთა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გუნდები 2 წრედ ითამაშებენ. A ჯგუფში 8, ხოლო B-ში 7 გუნდი იქნება. თითოეულიდან საუკეთესო 4-4 გუნდი 2 წრის თავზე პლეი ოფში გავა. მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში სერიები 2 მოგებამდე იქნება, ხოლო ფინალი ერთი გუნდის 3 გამარჯვებამდე გაგრძელდება.