საქართველოს ნაკრები სერბეთთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრები სერბეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გასული ევრობასკეტის ფინალისტთან ბელგრადში წააგო, თუმცა ილიას ზუროსის გუნდს ამისთვის ვერავინ დაძრახავს. როგორც გერმანიაში, ქართველებმა სერბეთის დედაქალაქშიც ბოლომდე იბრძოლეს და მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ნაკრებს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ბოლომდე ძალები არ შერჩათ და მესამე პერიოდში ჩამორჩენილებმა გადამწყვეტი შტურმი ვეღარ მოაწყვეს.

პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა, ხოლო მეორეს შემდეგ, დიდ შესვენებაზე ქართველები 45:44 იგებდნენ. ვითარება მესამე პერიოდში შეიცვალა, რაც გარკვეულწილად მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებებმაც განაპირობა. მართალია, სერბებს საჯარიმოში უპირატესობა ჰქონდათ და ქართველები მიროსლავ რადულიცას ჯარიმებით აჩერებდნენ, თუმცა ჩვეულ სათამაშო ეპიზოდებშიც არბიტრები მასპინძლების მიმართ სიმპათიას იჩენდნენ და არაერთი საეჭვო გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც სერბების საკვანძო სამქულიანები მოჰყვა.

მესამე პერიოდის შემდეგ 10 ქულით დაწინაურებულმა სერბებმა უპირატესობა იოლად შეინარჩუნეს და გაზარდეს კიდეც – ჩვენი გუნდის ლიდერებს 4-4 პერსონალური ჰქონდათ, პლუს ამას, მანუჩარ მარკოიშვილი ჯარიმების ლიმიტის გამო მოედნიდან საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე გავარდა.

საბოლოოდ სერბეთმა 105:87 მოიგო და ჯგუფში 2-დან 2 მოგებით გალიდერდა. საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესოები იყვნენ მაიკლ დიქსონი 36 ქულითა და 9 პასით, მერაბ ბოქოლიშვილი 14 ქულით, მიხეილ ბერიშვილი 11 ქულით და მანუჩარ მარკოიშვილი 10 ქულით, 7 მოხსნითა და 4 პასით.  საქართველოს 2 წაგება აქვს და ჯგუფის დარჩენილ 4 მატჩში შედეგიანობა სჭირდება, მომდევნო ეტაპზე რომ გავიდეს. მომდევნო მატჩებს საქართველო 22 და 25 თებერვალს – ჯერ ავსტრიაში, შემდეგ კი თბილისში გერმანიასთან გამართავს.

სერბეთი 105:87 საქართველო