23 ქულა ევრობასკეტის ფინალში – ეპოქა, რომელიც ოთარ ქორქიამ და ნოდარ ჯორჯიკიამ შექმნეს

23 ქულა ევრობასკეტის ფინალში – ეპოქა, რომელიც ოთარ ქორქიამ და ნოდარ ჯორჯიკიამ შექმნეს

ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტი 2022-სკენ ზუსტად 100 წელს ითვლის. როგორც ყველა გზაზე, პირველი მონაკვეთი ამ შემთხვევაშიც შემეცნებისა იყო, საქართველოში კალათბურთის შემოსვლიდან (1922 წელი) საწყისი 20 წლის განმავლობაში ქართველები ეცნობოდნენ, სწავლობდნენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები შემდეგ გადაედგათ.

წინა საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში კალათბურთისთვის არავის ეცალა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი გამოჩნდნენ პიროვნებები, რომლებმაც კარგად იცოდნენ რა გზით ევლოთ, ქართული კალათბურთი მსოფლიოს დონემდე რომ აეყვანათ.

ომის შემდეგ

ომი დასრულებული არ იყო, რომ 1944 წელს თბილისმა სსრ კავშირის ჩემპიონატს უმასპინძლა. გაიმარჯვა თბილისის ოფიცერთა გუნდმა, რომელსაც გრიგოლ მეუნარგია წვრთნიდა. თბილისელთა შემადგენლობაში ახალგაზრდა ნოდარ ჯორჯიკია თამაშობდა, სნაიპერი მიხეილ ფილიპოვი იყო, ხოლო გუნდის ერთ-ერთი წევრი ლევ ძეკონსკი შემდეგში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი გახდა. გავიდა ორი წელი და ამ გუნდმა თითქმის იგივე შემადგენლობითა და მწვრთნელით მეორედ მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონობა.

ქართული კალათბურთი მსოფლიო კალათბურთის განვითარების გზაზე მყარად რომ იდგა, ნიკოლაი სემაშკოს სიტყვებიც მოწმობს:

„1947 წელს ჩატარებულ საბჭოთა პირველობაზე თბილისში შეჯიბრების ინვენტარი ხარისხით ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე. სპორტულ აღჭურვილობაში ყველა სიახლეს, როგორც წესი საქართველოს კალათბურთელები ნერგავენ. ლითონის კონსტრუქციები (ავტორი ა. ჯალიაშვილი) წინ წამოწეული კალათებით პირველად თბილისში ვიხილეთ 1945 წელს. ასეთი ფარები მთელს საბჭოთა კავშირში გავრცელდა. ეჭვი არ არის, ბოლო გათამაშებაში გამოყენებული ელექტროსაათები მომავალ შეჯიბრებებშიც დაინერგება“.

იცით, ვინ იყო ბატონი სემაშკო? – 40-იან წლებში სსრკ-ის სპორტკომიტეტის ხელმძღვანელი და ფიბა-ს ვიცე-პრეზიდენტი (1960-1976), რომლის სახელსაც ატარებს ევრობასკეტის თასი.

23 ქულა ევრობასკეტის ფინალში

1947 წლის 3 მაისს ევროპულ კალათბურთში პირველი ქართული სიტყვა ოთარ ქორქიამ თქვა. სიტყვა ომახიანი იყო – ამ დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალში  ჩეხოსლოვაკია და საბჭოთა კავშირი დაუპირისპირდნენ. მატჩი საბჭოთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 56:37. ოთარ ქორქიამ ფინალში 23 ქულა ჩააგდო!

ლეგენდარული მწვრთნელი ალექსანდრ გომელსკი იხსენებდა:

„ჩვენს მოედნებზე ქორქია ყოველთვის ბრწინავდა. ომის დამთავრების შემდეგ კი ის საკალათბურთო ევროპამაც აღმოაჩინა. საბჭოთა ნაკრების კაპიტანმა სამჯერ მიიყვანა გუნდი კონტინენტის ოქროს მედლებამდე. მაშინ ფავორიტებად ჩეხოსლოვაკიელებს მიიჩნევდნენ. წლების შემდეგ კალათბურთის ისეთმა ასებმა, როგორებიც იყვნენ ივან მრაზეკი და ირჟი შკერჟიკი, აღიარეს, რომ, უბრალოდ, ოთარ ქორქიასი ეშინოდათ. ის მეტოქეებს იმდენად თრგუნავდა ფიზიკური ძალით, ძლიერი ნებისყოფითა და ბრძოლისუნარიანობით, რომ მოწინააღმდეგეებს მატჩი დაწყებამდე ჰქონდათ წაგებული. ოთარ ქორქიას მონაწილეობით პაექრობების მომსახურე მსაჯებიც კი კრთოდნენ მის წინაშე.“

 

სამი ოქრო

ევროპის ჩემპიონის ოქროს მედლით დაბრუნებულმა ქართველებმა ერთმანეთის მიყოლებით მოიგეს საბჭოთა პირველობა – თბილისის „დინამო“ ჩემპიონი 1950, 1952 და 1953 წლებში გახდა. იმხანად მოსკოველების გარდა ჩვენი გუნდის მთავარი მეტოქე ლიეტუვის “ჟალგირისი” იყო.

„ვილნიუსში, „ჟალგირისთან“ მატჩში ოქროს მედლების ბედი წყდებოდა და ქართველები შეხვედრას ქულით აგებდნენ. ქორქიამ მეტოქის ფარქვეშ მიიღო ბურთი, მხრებზე ჩამოკიდებულ სამ მეტოქესთან ერთად ჰაერში აიტოტა და ბურთი კალათში ჩატენა“, – ესეც ალექსანდრ გომელსკის ნათქვამია.

ერთი საინტერესო დეტალი „დინამო“-„ჟალგირისის“ შეხვედრათა ისტორიიდან: 1953 წელს სსრ კავშირის პირველობა თბილისში გაიმართა. ქართველებმა და ლიეტუველებმა ფინალური ტური დამაჯერებლად ჩაატარეს და ერთმანეთს საჩემპიონო მატჩში დაუპირისპირდნენ. თამაში „დინამოს“ საჩოგბურთო კორტებზე დაიგეგმა, მაგრამ ბადემ მოძალებულ გულშემატკივარს ვერ გაუძლო და ტრიბუნები ისე გაივსო, ქომაგსა და მოთამაშეებს შორის სივრცე თითქმის არ დარჩა.

ორგანიზატორებმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს – თამაში გულშემატკივრებისგან მალულად გადაიტანეს  მაშინდელ კიროვის პარკში (ვერის ბაღში). თუმცა ხალხი არც იქ დაჰკლებია.

მათგან გამხნევებულმა დინამოელებმა 52:43 მოიგეს და მესამედ გახდნენ სსრ კავშირის ჩემპიონები.

 

 

ჰელსინკი 1952

1952 წელს საბჭოთა კავშირმა პირველად იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე. დიდ სენსაციამდე და ოლიმპიურ ოქრომდე ჯორჯიკია-ქორქიათი გაძლიერებულ გუნდს ძალიან ცოტა დააკლდა.

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში მსოფლიოს ყველა კუთხიდან 16 ქვეყნის ნაკრები ჩავიდა. ისინი ოთხ ჯგუფად გაიყო და პირველი ეტაპის შემდეგ მათი რაოდენობა განახევრდა. სსრ კავშირმა საწყის სამ შეხვედრაში, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბულგარეთი, მექსიკა და ფინეთი.

მეორე ეტაპზე ასევე ოთხგუნდიან ჯგუფში, ოღონდ უფრო სერიოზულ მეტოქეებთან მოხვდა. ბრაზილია 5 ქულის სხვაობით დაამარცხა, ჩილე – 18-ით, ამერიკასთან კი გაუჭირდა – 58:86. აშშ-სთან შეხვედრაში ოთარ ქორქიამ მარჯვენა ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო:

„ოთარმა ხელი ლოველეტთან ბრძოლაში დაიზიანა. ამერიკელმა მასზე განგებ იუხეშა. ოთარი სკამზე არ დამჯდარა, ექიმს სთხოვდა, რაც შეიძლება მალე და მჭიდროდ შეეკრა სახვევი. გადანასკვა და ქორქიას მოედანზე შეჭრა ერთი იყო. ტკივილთან ერთად მას ამერიკელების წინააღმდეგობის გადალახვა უწევდა, ფაქტობრივად, ცალხელა თამაშობდა, ოღონდ არა ნახევარი ძალით – ენერგიის დაზოგვა მის ხასიათში არ ჯდებოდა. მხოლოდ მატჩის შემდეგ წავიდა საავადმყოფოში, სადაც ხელზე რამდენიმე ნაკერი დაადეს,“ – წერს ჟურნალისტი არსენ ერემიანი.

თუ წინა ორ შეხვედრაში მან 25-25 ქულა ჩააგდო, აშშ-თან 8-ს დასჯერდა. საოცარია, მაგრამ ცალი ხელით მან მეორე ეტაპის ბოლო მატჩში ჩილეს 38 ქულა „უძღვნა“. ნახევარფინალში, ურუგვაისთან 61:57 მოგებულ შეხვედრაში ლეგენდარული ქართველის ანგარიშზე 21 ქულა იყო.

დადგა 2 აგვისტო, ჰელსინკის ოლიმპიადის საკალათბურთო ფინალის დღე. ოთარ ქორქიამ ასევე 8 ქულა მიითვალა, თუმცა მთავარი მისი დაცვითი მოქმედება იყო – აწოწილი ამერიკელები სსრკ-ის ფარს არ გააკარა.

ისევ არსენ ერემიანს მოვუსმინოთ:

„ფინალურ შეხვედრაში გადამწყვეტი 30-ე წუთი გამოდგა, როცა ოთხი ფოლის გამო მოედანი დატოვა ოთარ ქორქიამ. ამერიკელი გიგანტები, რობერტ კურლანდი (213 სმ), მარკუს ფრაიბერგერი (210) და კაილ ლოველეტი (209) მეტოქის ლიდერის თამაშით აღფრთოვანებულები, აპლოდისმენტებით აცილებდნენ სათადარიგოთა სკამისკენ მიმავალ ქორქიას.

იმ მომენტისთვის ტაბლოზე 23:23 ეწერა. დარჩენილ დროში სსრ კავშირმა 2:13 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.“

…2:13, თუნდაც ამ ციფრებიდან ჩანს, რა როლს თამაშობდა ქართველი ცენტრი საბჭოთა ნაკრებში. მასთან ერთად საბჭოთა კავშირის ნაკრების მუდმივი წევრი და უკანა ხაზის ლიდერი იყო ნოდარ ჯორჯიკია, რომლის დაცვითი ზღუდის გადალახვა უმაღლესი დონის შემტევებსაც უჭირდათ.

50-იანი წლების კალათბურთი | თბილისის „დინამო“ VS სტამბოლის „გალათასარაი“ – ვიდეო საქართველოს პირველი არხის  არქივიდან