24 წუთში ჩაგდებული 18 ქულა და გამარჯვებით დაწყებული ფინალური სერია

24 წუთში ჩაგდებული 18 ქულა და გამარჯვებით დაწყებული ფინალური სერია

თორნიკე შენგელიას დიდებული თამაში და  სტუმრად მოგებული ფინალური სერიის პირველი მატჩი. ბელგიის ჩემპიონატის საჩემპიონო სერია „შარლერუამ“ გასვლითი გამარჯვებით გახსნა. რაც ყველაზე მთავარია, ქართველი კალათბურთელი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. შენგელიამ შარლერუელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მატჩი მასპინძლებმა უკეთ დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ 23:18 დაწინაურდნენ. მცირე შესვენების შემდეგ ინიციატივა სტუმრებმა მოიპოვეს. შენგელიას აქტიურობით შარლერუელებმა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო გადამწყვეტი მეოთხედის წინ 1 ქულით დაწინაურდნენ.

მასპინძლები, რომელთაც სასვსე დარბაზის აბსოლუტური უმრავლესობა ქომაგობდა, ბოლო ათწუთეულის იმედად იყვნენ, თუმცა „შარლერუაზე“ მაყურებელთა ფაქტორმა არ გაჭრა. სტუმრები ისე თამაშობდნენ, რომ საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებიათ. მეოთხე ათწუთეულის 10 ქულით მოგების შემდეგ საბოლოო ანგარიშიც “შარლერუას” სასარგებლო დაფიქსირდა – 80:69.
შენგელია თანაგუნდელ დემონ მალეს შემდეგ მატჩის მეორე ბომბარდირი გახდა. მალემ 20 ქულა დააგროვა, შენგელიამ – 18. იმას აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ მალეს ამ შედეგის მისაღწევად 36 წუთი ჰქონდა, შენგელიამ კი მხოლოდ 24 წუთს ითამაშა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო. თორნიკემ მაღალი შედეგიანობით ისროლა თამაშიდან: 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი, რასაც 6 ცდიდან ჩაგდებული 4 საჯარიმო მოაყოლა. 18 ქულასთან ერთად შენგელიამ 3 მოხსნა  და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.
ამ გამარჯვებით „შარლერუამ“ მოედნის უპირატესობა მოიპოვა. ფინალური სერია სამ მოგებამდე გრძელდება, შემდეგი მატჩი უკვე შარლერუაში, 30 მაისს ჩატარდება.