ქუთაისი საკალათბურთო ღონისძიებებს უმასპინძლებს

ქუთაისი  საკალათბურთო ღონისძიებებს უმასპინძლებს

არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავის მშობლიური ქალაქი ქუთაისი 5 დღით საქართველოს საკალათბურთო ეპიცენტრად იქცევა. 1-4 თებერვალს იმერეთის მთავარი ქალაქი ქართული კალათბურთის მნიშვნელოვან ღონისძიებებს უმასპინძლებს.

ქუთაისში გაიმართება ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი და სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი – „ოლ სტარი“.

ზ.საკანდელიძისა და მ. ქორქიას სახელობის ტურნირის თამაშები 1-2 თებერვალს პლეიოფის სისტემით ჩატარდება და 4 თებერვალს ფინალური მატჩის დასრულდება, ხოლო 3 თებერვალს  „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ გაიმართება, სადაც ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდები შეხვდებიან. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.  

„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები, ტრადიციულად, გულშემატკივრის მიერ გამოკითხვის შედეგად შეირჩევა.  კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე (GBF.GE)  ხმის მიცემის პროცედურა  დღეიდან, 22 იანვრიდან დაიწყება და 2 თებერვალს 12:00 საათზე დასრულდება. ოლ სტარის სათადარიგო მოთამაშეებს  კი მწვრთნელები დაასახელებენ. ყველა ვარსკვლავის მატჩის შესვენებების დროს ტრადიციულად გაიმართება კონკურსი 3-ქულიან  სროლებსა და ჩატენვებში.  3-ქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ სუპერლიგის ორი წრის შემდეგ 3-ქულიანების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლის მქონე მოთამაშეები, ჩატენვების კონკურსში  მონაწილეობა კი  ნებაყოფლობითია.

რაც შეეხება საკანდელიძე-ქორქიას მემორიალს, წლევანდელ სეზონში ტურნირში სუპერლიგის 7 და „ა“ ლიგის 1 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ქუთაისი, სოხუმი, ოლიმპი, რუსთავი, კაკტუსი, მგზავრები, მარნეული და წყალტუბო („ა“ ლიგა).

ტურნირის მონაწილე გუნდები 1 თებერვალს ერთმანეთს მეოთხედფინალებში დაუპირისპირდებიან, ხოლო 2-ში ნახევარფინალები გაიმართება. საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ფინალი 4 თებერვალს, 16:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდება, სადაც დაგეგმილია დიდი ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის – ოთარ ქორქიას მონუმენტური სურათის საზეიმო გახსნა.  ოთარ ქორქიას გრანდიოზული ფოტო სხვა ქუთაისელ ვარსკვლავების გვერდით – სპორტის სასახლეში  საპატიო ადგილს დაიკავებს.  

ქუთაისის საკალათბურთო დღეების ფარგლებში  ასევე დაგეგმილია საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა.