27 ქულა 25 წუთში – “ბარსელონამ” “ტენერიფე” შეაჩერა, შერმადინი – ვერა

27 ქულა 25 წუთში – “ბარსელონამ” “ტენერიფე” შეაჩერა, შერმადინი – ვერა

გიორგი შერმადინის ფანტასტიკური თამაში კატალონიური “ბარსელონას” წინააღმდეგ. ქართველმა ცენტრმა ლამის მარტო ეომა ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდს და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა პირადი სტატისტიკა ჰქონდა ისეთი, ნებისმიერი ვარსკვლავი ხელს მოაწერდა. შერმადინმა 25 წუთში 27 ქულა ჩაუგდო მასპინძელ “ბარსელონას”, მისი “ტენერიფე” კი დაძაბულ ბრძოლაში – 65:69 დამარცხდა.

ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში. შერმადინის დიდებული თამაშის წყალობით “ტენერიფე” ტოლ-სწორად ეთამაშა ცნობილ “ბარსას” და გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა. ეს გახლდათ ქართველი ცენტრის შედეგიანობით მეორე საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში – შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 37 შეადგინა, ხოლო მისი საუკეთესო შედეგი “გრან კანარიასთან” დაფიქსირდა – 41.

ქართველმა ცენტრმა 27 ქულა ისე მოაგროვა, მხოლოდ 1 ბურთი ააცილა. შერმადინმა 25:21 წუთი ითამაშა და 12-დან 11 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 27 ქულასთან ერთად გიორგიმ 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ტენერიფელთაგან შერმადინის შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე ბრუნო ფიტიპალდოს მხოლოდ 10 ქულა ჰქონდა (სარგებლიანობის ინდექსი 19). 

აღსანიშნავია, რომ შერმადინი ბოლო 3 ტურიდან ორჯერ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე და დიდი შანსია, ამ, 30-ე ტურის MVP-ის ტიტულიც დაიმსახუროს. აღნიშნული ტიტულის მოსაგებად, განსხვავებით მატჩის MVP-ისა, აუცილებელი პირობა არაა გამარჯვება. ანუ ტურის MVP შესაძლებელია გახდეს კალათბურთელი, რომლის გუნდიც დამარცხდა. შერმადინის შედეგს კი ამ ტურში დამხობა სავარაუდოდ არ ემუქრება, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი 30-ე ტურის ყველა მატჩის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

“ტენერიფეს” 19 მოგებითა და 11 მარცხით ცხრილში მე-5 ადგილი უკავია და შემდეგ, 30 აპრილს გასამართი 31-ე ტურის მატჩში ანალოგიური შედეგის მქონე კონკურენტს, “მანრესას” ხვდება.