საქართველოში 3×3 საკალათბურთო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 15 და 16 ოქტომბერს, ლისის ტბაზე გაიმართა სეზონის პირველი კალენდარული ტურნირი Tbilisi Fall 2020, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. ტურნირში მონაწილეობა 21-მა გუნდმა მიიღო, რომლებიც პირველ ეტაპზე ჯგუფებში განაწილდნენ, საუკეთესოებმა კი გამარჯვებულის გამოსავლენად ბრძოლა პლეი ოფიდან განაგრძეს.
ფინალში გავიდნენ გუნდები Scooby და GiGi. გამარჯვება დარჩა Scooby-ის, რომლის ღირსებასაც დავით დადუნაშვილი, მამუკა ბაზუაშვილი, დავით მაისურაძე და ბილი ალიევი იცავდნენ. ამ უკანასკნელმა ტურნირის პირველ დღეს ტრავმა მიიღო და პლეი ოფში ვეღარ ითამაშა, თუმცა გამოცდილი Scooby-ის მაინც არ გასჭირვებია გამარჯვების მოპოვება და საჩემპიონო თასთან ერთად ფულადი პრიზიც მიიღო.
გამარჯვებულები თასითა და 500-ლარიანი ვაუჩერით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. მეორეადგილოსან GiGi-ს კალათბურთელებს კი 300 ლარი ერგოთ. მორიგი, ფიბა-ს კალენდრით გათვალისწინებული 3×3 საკალათბურთო ტურნირი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.