3×3 კალათბურთში საქართველოს 2025 წლის ჩემპიონი გუნდი “წიქარა” გახდა, რომლის ღირსებასაც გიორგი ბართია, ლუკა კუჭუხიძე, ცოტნე ცარციძე და საბა შარვაშიძე იცავდნენ. ამ კვარტეტმა დაძაბულ ფინალურ მატჩში 20:18 დაამარცხა გუნდი “ბერუ” დათო დადუნაშვილის, მერაბ მირზიაშვილის, ვლადიმერ თავაქარაშვილისა და ვასილ ბერუაშვილის შემადგენლობით.
Geotour2025-ის ფინალური ტურნირი, რომელშიც საქართველოს 3 ქალაქში (თბილისი, ლაგოდეხი, ბათუმი) გამართული ტურებიდან შერჩეული 12 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა, თბილისის იუსტიციის სახლთან გაიმართა. დედაქალაქიდან ფინალური ეტაპის საგზური 12-მა საუკეთესომ მიიღო, ხოლო ბათუმიდან და ლაგოდეხიდან – თითო-თითომ. Geotour-ი, რომელიც 3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატს წარმოადგენს, ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2014 წლიდან ტარდება.
ფინალური ეტაპის მონაწილე 12 გუნდი ტრადიციულად 4 ჯგუფში გადანაწილდა და ნახევარფინალის საგზურები თითოეულის გამარჯვებულმა მოიპოვა. ნახევარფინალში გასულ წყვილებში ასეთი შედეგები დაფიქსირდა: ბერუმ 21:15 სძლია ვინგსს, ხოლო მომავალმა ჩემპიონმა წიქარამ 20:12 სძლია ლეგალს.
ფინალური მატჩი თანაბრად და დაძაბულად მიმდინარეობდა, სანამ წამებზე წიქარას კალათბურთელებმა დამაჯერებელი და გასამარჯვებლად საკმარი უპირატესობა არ მოიპოვეს. გუნდს გიორგი ბართიამ ულიდერა, რომელიც დამსახურებულად გახდა ტურნირის MVP. საუკეთესო მოთამაშის პრიზი ბართიას სანი ჟღენტმა გადასცა.
ტურნირზე დაწესებული საპრიზო ფონდი ასე განაწილდა: ჩემპიონმა 3000 ლარი მიიღო, ფინალისტმა- 2000. ნახევარფინალში დამარცხებულმა გუნდებმა კი შესაბამისად 1000 და 5000 ლარი. პრიზიორები მედლებითა და ფულადი ვაუჩერებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.