დასრულდა 3×3 საკალათბურთო ფესტივალი 3x3SPRING2024, რომლის ფარგლებშიც ვერის ბაღის დარბაზში აპრილში 3 ტურნირი გაიმართა. საწყისი ორი 17 წელს გადაცილებულთა შორის ჩატარდა, ფესტივალის დასკვნითი ტურნირი კი 18-წლამდელთა შორის იყო. გამარჯვებული გახდა გუნდი გარდაბანი, რომელშიც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი ლუკა ტაბაღუა და რუსთავის გუნდში მისი თანაგუნდელები – ტიმოფეი ალექსანდროვი და ლუკა ხარძიანი გამოდიოდნენ. გუნდის მეოთხე წევრი გახლდათ ნიკოლოზ ონიანი და ამ კვარტეტს დაწესებული საპრიზო ფონდიდან ერგო 900-ლარიანი ვაუჩერი, რომელიც კაპიტან ლუკა ტაბაღუას ფინალური მატჩის შემდეგ კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ გარდაბანი ტურნირში წარმოდგენილი იყო 2 გუნდით, თუმცა გარდაბნის “მუხბე” ჯგუფიდან ვერ გავიდა. მთლიანობაში კი ტურნირში მონაწილეობა 12-მა გუნდმა მიიღო, რომლებიც სტანდარტული ფორმატით 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. ნახევარფინალის საგზურები ჯგუფების გამარჯვებულებმა – გარდაბანმა, ლომებმა, კატლეტმა და Splash-მა მოიპოვეს.
ნახევარფინალში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში “კატლეტმა”, რომელიც საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილე “ჰიუნდაის” მოთამაშეებით – ლუკა სავანელი, გივი ცარციძე, ნიკოლოზ ფუთურიძე, ლუკა დოლბაძე – იყო დაკომპლექტებული, 15:14 დაამარცხა Splash-ი. მეორე ნახევარფინალში მომავალმა ჩემპიონმა გარდაბანმა 21:18 მოუგო ლომებს და ფინალში გავიდა. ტურნირის ფინალური შეხვედრა გარდაბანმა 21:17 მოიგეს. ფინალში წაგებულ “კატლეტს” საპრიზო ფონდიდან 700-ლარიანი ვაუჩერი ერგო.
ამით დასრულდა 3x3SPRING2024 და მცირე პაუზის შემდეგ 3×3 საკალათბურთო ტურნირები დარბაზიდან ღია სივრცეში გადაინაცვლებს.