საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბორჯომში 3X3 კალათბურთის ტურნირი “ბორჯომის თასი” გაიმართა

ბორჯომში 3X3 კალათბურთის ტურნირი “ბორჯომის თასი” გაიმართა

ქართული მინერალური წყლის კომპანია “ბორჯომის” პროექტის: #ბორჯომისპორტისგულშემატკივარი ფარგლებში 3×3 საკალათბურთო ტურნირი ჩატარდა. ტურნირს ბორჯომის სპორტულმა სტადიონმა უმასპინძლა, რომელიც კომპანია “ბორჯომისა” და Mercy Corps-ის დაფინანსებით, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით 2017 წელს გაიხსნა.

კომპანია “ბორჯომს” ტურნირის ორგანიზებაში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დაეხმარა, რომელმაც ბორჯომში 3×3 კალათურთის გადასატანი მოედანი ჩაიტანა და ზემოთხსენებულ სტადიონზე დააგო. აქტივობა სოლიდური იყო: ტურნირში მონაწილეობის სურვილი ბორჯომის, ხაშურის, გორის, კასპის და თბილისის 18-მა გუნდმა გამოთქვა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ცალ-ცალკე გაიმართა დედაქალაქისა და რეგიონის გუნდების ტურნირები, ხოლო გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალურ მატჩში შეხვდნენ და “ბორჯომის თასის” ჩემპიონი გამოავლინეს.

თბილისის 6 გუნდს შორის საუკეთესო გახდა “პალასა”, ხოლო რეგიონის 12 წარმომადგენელს შორის ყველას ხაშურის “გორილასმა” აჯობა. პლეი ოფის დაწყებამდე ჩატარდა კონკურსი 3-ქულიან სროლებში, რომელიც ადგილობრივმა ნიკა ქურდაძემ მოიგო. ტურნირის მსვლელობისას გულშემატკივართა შორის პერიოდულად ტარდებოდა კონკურსები საჯარიმო სროლებში და თამაშდებოდა “ბორჯომის” ბრენდირებული მაისური და მინერალური წყალი. 

ფინალური მატჩი, ისევე როგორც პლეი ოფი, საკმაოდ საინტერესო გამოდგა. საფინალო მატჩში გულშემატკივარმა ბოლომდე ბრძოლა და ლამაზი მომენტები იხილა. დაძაბული შეხვედრა “პალასამ” ანაგრიშით 13:10  მოიგო და “ბორჯომის თასთან” ერთად სოლიდური საპრიზო თანხას – 1200 ლარს დაეპატრონა. მეორე ადგილზე გასულ ხაშურის გუნდს კომპანია “ბორჯომისგან” 600 ლარი ერგო.  ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი ლაშა დოლიძე დასახელდა. 

აღნიშნული პრიზებით, მედლებით და სიგელებით ფინალისტები კომპანია “ბორჯომის” წარმომადგენელმა, ნინუცა გვენცაძემ დააჯილდოვა, რომელმაც 3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებულსა და  ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს ეროვნული ნაკრების წევრთა ხელმოწერებით დამშვენებული Junior NBA-ს ბრენდირებული ბურთები გადასცა.

ტურნირი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.