საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფიბას ინსტრუქტორის სემინარები ქართველმა მსაჯებმა მოისმინეს

ფიბას ინსტრუქტორის სემინარები ქართველმა მსაჯებმა მოისმინეს

თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ფიბას რეგიონალურმა მსაჯთა ინსტრუქტორმა, რუშთუ ნურანმა ქართველი არბიტრებისთვის სემინარები ჩაატარა. ფიბას რეგიონალური ინსტრუქტორის მოვალეობაა საკუთარი რეგიონის ქვეყნებში პერიოდულად ჩასვლა და ადგილობრივი მსაჯებისთვის იმ სიახლეების გაცნობაა, რომელსაც ფიბა არბიტრების საქმიანობაში სისტემატიურად ნერგავს.

რუშთუ ნურანის სემინარის თემა ძირითადად არასპორტული ჯარიმები გახლდათ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ არასპორტული ჯარიმა ხშირად ხდება დავის საგანი, რადგან მას მსაჯები არაერთგვაროვნად აფიქსირებენ. ნურანმა ოლიმპიურ სასახლეში შეკრებილ ქართველ მსაჯებს დეტალურად აუხსნა ის კრიტერიუმები, რისი გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს არასპორტული ჯარიმის დაფიქსირება. არსებობს 5 პრინციპი, რომლიდანაც ერთ-ერთს თუ აკმაყოფილებს, ჯარიმა არასპორტულია.

რუშთუ ნურანმა მსაჯებს არაერთი ვიდეო-კლიპი უჩვენა და დეტალურად აუხსნა, რა შემთხვევაშია ჯარიმა არასპორტული და რა შემთხვევაში – არა. მსაჯებთან ერთად სემინარს მსაჯ-მდივნები და რუსთაველი მწვრთნელებიც ესწრებოდნენ. დამსწრეებმა ფიბა-ს ემისარს ბლომად კითხვები დაუსვეს და კომპეტენტური პასუხებიც მიიღეს. 

ფიბას მიერ მსაჯთა ინსტრუქტორის საქართველოში მოვლინება და აქტუალურ სამსაჯო კომპონენტებზე სემინარის ჩატარება მომავალში პერიოდულად განხორციელდება.