გარდაიცვალა ზურაბ ხრამაევი

გარდაიცვალა ზურაბ ხრამაევი

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ზურაბ ხრამაევი. იგი უკრაინის კალათბურთის ნაკრების მწვრთნელი, შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტი იყო. ქართველების დიდი მეგობარი გახლდათ და თავადაც ნახევრად ქართველი იყო – დედა ჰყავდა ჩვენიანი.
1970 წელს იგი ოსეთის უნივერსიტეტის გუნდიდან ლუგანსკის “ავტომობილისტში” მიიწვიეს და მას მერე უკრაინაში დამკვიდრდა. ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრებში და, როცა უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციას ჩაუდგა სათავეში.
უკრაინელი ჟურნალისტები ხაზს უსვამენ მის ღვაწლს ნაკრების ჩამოყალიბებაში – 90-იან წლებში, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსით დეპუტატებამდე მიდიოდა, რომ უკრაინაში კალათბურთის განვითარება არ შეწყვეტილიყო.
საქართველოს ნაკრები არაერთხელ გამგზავრებულა შეკრებაზე უკრაინაში, სადაც მას ზურაბ ხრამაევის მითითებით ყოველთვის დიდი პატივით ხვდებოდნენ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს ზურაბ ხრამაევის ოჯახსა და მთელს საკალათბურთო საზოგადოებას.