გორის ახალმა დარბაზმა ALL STAR-ს უმასპინძლა

გორის ახალმა დარბაზმა ALL STAR-ს უმასპინძლა

სუპერლიგის 2022 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას გორმა უმასპინძლა. შიდა ქართლის რეგიონში ასეთი მაღალი დონის კალათბურთელები უკვე მეორედ შეიკრიბნენ და ადგილობრივთაგან სათანადო ყურადღებაც დაიმსახურეს. შეგახსენებთ, რომ პირველად შიდა ქართლის რეგიონში სუპერლიგის ოლ სტარი 2020 წელს გაიმართა, როცა მატჩ-აქციას ხაშურმა უმასპინძლა. გორის ახალაშენებულ დარბაზში მოსულ გულშემატკივრებს სუპერლიგის წამყვანმა კალათბურთელებმა ლამაზი სანახაობა უჩვენეს. 

ამით ოლ სტარის რეგიონებში ჩატარების ტრადიცია გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციას და სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას ემსახურება. ბოლო წლებში ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია ქუთაისში, რუსთავში, ხაშურში ჩატარდა და წელს მისი გამართვა გორში ახალი სპორტის სასახლის აშენების შემდეგ გადაწყდა. 

ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციის ორგანიზატორი გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, გორის მუნიციპალიტეტის მერია, შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის ფედერაცია და გორის დარბაზის ადმინისტრაცია. 

ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციაში მონაწილეობდნენ ჩირლიდერ გოგონათა გუნდი, რომლებიც კალათბურთელებს თამაშისა და კონკურსებში მონაწილეობისას ამხნევებდნენ.  დარბაზში იმყოფებოდნენ საქართველოს ნაკრებისა და ქართული კალათბურთის მხარდამჭერი თილისმა – ლომი “ჯეო” დაევრობასკეტ 2022-ის ოფიციალური თილისმა “დიჯეი ბაუნსი”.

ოლ სტარის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რომელიც მომღერალმა დავით დარბაიძემ  შეასრულა. შეხვედრა დატვირთული იყო სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით. გორის ანსამბლის მიერ შესრულდა საცეკვაო ნომრები,  ხოლო ადგილობრივმა მომღერლებმა ელენე მარანელმა და შიო კავსაძემ მატჩი სიმღერით გააფორმეს. 

“ოლ სტარს” სტუმრად ეწვია რობერტო მავანი, რომელმაც დიდ შესვენაზე მოწყობილ გულშემატკივრების გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. 

ყველა ვარსკვლავის მატჩი – All Star 2022

ოლ სტარისთვის მონაწილეები სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა დაასახელეს. ადგილობრივი მოთამაშეების გუნდს თსუ-ს მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი უძღვებოდა, ხოლო ლეგიონერებს – “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში. მწვრთნელებმა ასისტენტები თავად შეარჩიეს – ლაფანაშვილმა “ვერას” მთავარი მწვრთნელი დავით გასიტაშვილი დაასახელა, ხოლო კოტე ტუღუშმა თავისივე გუნდის ასისტენტი კახა დარახველიძე და “დინამოს” მთავარი მწვრთნელი ჟოლივეტ ტუჯანი. 

ლეგიონერები

სასტარტო ხუთეული:
რაილ ოუენსი, ჯეიმი ჯონსონი (COVID-19-ის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო), ლოველ ქაბილი (სამივე თსუ), ობრი მაკალპინი (ვერა), რაჰიმ ჯონსონი (რუსთავი). 

სათადარიგოები:

ჯავიონ ოგუნიემი, ჯორდან რობერტსონი (ორივე ტიტები), ბუნდუ აბდულაი (ოლიმპი), დემონტე ფლანიგანი (მეგა), ზაკ სელიასი (ვერა), ბენჯამინ ქოლეჯი (დინამო), ჯორდან ფორბსი (კაკტუსი), იშმაელ ჰოლისი (რუსთავი), მარქილ სმიტი (ცხუმ-აფხაზეთი).

ადგილობრივები

სასტარტო ხუთეული:
გივი ბაქრაძე (ოლიმპი, COVID-19-ის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო), მერაბ ბოქოლიშვილი (რუსთავი), ვოვა თავაქარაშვილი (დინამო), გუგა პატაშური (რუსთავი), აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი).

სათადარიგოები:
ლუკა მაზიაშვილი (ცხუმ-აფხაზეთი), ნიკა დარბაიძე, ივა მეგენეიშვილი, ლევან ქვარცხავა (სამივე თსუ), რეზო ჩაჩანიძე (ბათუმი), კახა ჯინჭარაძე, ილია ლონდარიძე, დავით ლომიძე (სამივე ოლიმპი), ლევან შეროზია (გთსუ).

როგორც ოლ სტარის სპეციფიკა განსაზღვრავს, მატჩი სანახაობრივად, ჯარიმების მაქსიმალური სიმცირით წარიმართა. ორივე გუნდის წევრები ცდილობდნენ, გორის სპორტის სასახლეში მოსული გულშემატკივრისთვის ლამაზი სანახაობა ეჩვენებინათ. შეხვედრაში დაცვა ნაკლებად გამოიყენებოდა და შესაბამისად, მაღალი ანგარიში დაფიქსირდა – 120:111 ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდის სასარგებლოდ.  მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და სპეციალური – MVP-ის პრიზი გადაეცა ოლ სტარში “მეგას” ერთადერთ წარმომადგენელ დემონტე ფლანიგანს, რომელმაც 20:28 წუთში 27 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.  ლეგიონერთა გუნდში 15-15 ქულით თავი გამოიჩინეს თსუ-ელმა ლოველ ქაბილმა და ოლიმპელმა აბდულაი ბუნდუმ. 12 ქულა რუსთაველი რაჰიმ ჯონსონის ანგარიშზე დაგროვდა. ადგილობრივთა მხრიდან  16 ქულით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა,  13-13 ქულა დააგროვეს დინამოს გორელმა ფორვარდმა ვოვა თავაქარაშვილმა და რუსთაველმა გუგა პატაშურმა. 

ადგილობრივები VS ლეგიონერები 
სრული სტატისტიკა: 111:120

სამქულიანების კონკურსი

სამქულიანების კონკურსის ნახევარფინალი მეორე პერიოდის დასრულების შემდეგ გაიმართა და მასში  მონაწილეები პერიმეტრის 5 სხვადასხვა წერტილიდან 5-5 ბურთს ესროდნენ. 25 სროლისთვის მონაწილეს 1 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. თითოეული ჩაგდებული ბურთი 1 ქულად ფასობდა, ხოლო ყოველი წერტილიდან სასროლი ბოლო, მე-5 ბურთი 2-ქულიანი გახლდათ. პირველ ეტაპს 2 ფინალისტი უნდა გამოევლინა.  

კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის 5 საუკეთესო სნაიპერი მონაწილეობდა – იშმაელ ჰოლისი (რუსთავი), რაილ ოუენსი (თსუ), ვოვა თავაქარაშვილი (დინამო), რევაზ ჩაჩანიძე (ბათუმი), დავით ლომიძე (ოლიმპი).

პირველ გამოსვლაში საუკეთესო შედეგები იშმაელ ჰოლისმა (14 ქულა) აჩვენა, რომელიც ფინალში გავიდა, ხოლო დანარჩენი 4 კალათბურთელიდან სამმა – ოუენსმა, ჩაჩანიძემ და თავაქარაშვილმა 13-13 ქულა მოაგროვეს.  დაინიშნა დამატებითი წრე, რომელიც რეზო ჩაჩანიძემ მოიგო და ფინალში ჰოლისს შეუერთდა. 

ფინალური დაპირისპირება რუსთავის ამერიკელმა ლეგიონერმა მოიგო. ჰოლისმა 20 ქულა მიითვალა და სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული გახდა.

ეფექტური გდებების (ჩატენვების) კონკურსი

ეფექტურ გდებებში ოთხი მონაწილე იყო – თსუ-ელი რაილ ოუენსი, ცხუმ-აფხაზეთის მოთამაშე მარქილ სმიტი და “ა” ლიგის წევრი გთსუ-ს ფორვარდი ლევან შეროზია. სამივე კალათბურთელმა პირველ ეტაპზე მოახერხა ჟიურის წევრებისგან უმაღლესი შეფასების დამსახურება, თუმცა მეორე ეტაპზე საუკეთესო გდება რაილ ოუენსმა შეასრულა და კონკურსის გამარჯვებული გახდა. ჟიურის წევრები გახლდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაული.  გამარჯვებულმა რაილ ოუენსმა ჩატენვის ეფექტურად შესასრულებლად თანაგუნდელი ლოველ ქაბილი დაიხმარა, რომელსაც თავზე გადაახტა და ისე მოათავსა ბურთი კალათში.

დაჯილდოების ცერემონიალი

მატჩისა და ჩატენვების კონკურსის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. აქციის ყველა მონაწილე – მოთამაშეები, მწვრთნელები და ექიმები სპეციალური, ვარსკვლავის ფორმის მედალიონებით გორის მუნიპიპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და შიდა ქართლის კალათბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა, იოსებ ხაჩიურმა დააჯილდოვეს.

სამქულიანების კონკურსის გამარჯვებულ რაილ ოუენსს სპეციალური პრიზი და სნაიპერობის დამადასტურებელი დიპლომი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცა, ხოლო ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული რაილ ოუენსი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა – ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დააჯილდოვა.

ოლ სტარ 2020-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ დემონტე ფლანიგანს სპეციალური პრიზი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა – ვიქტორ სანიკიძემ გადასცა, რის შემდეგაც გორის სპორტის სასახლეში ფეიერვერკის  თანხლებით მოთამაშეებმა როკ-ჯგუფ Queen-ის ცნობილი ჰიტი – We Are The Champions – შეასრულეს.