საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგაში ფინალისტები გამოვლინდნენ. ჩემპიონობისთვის ერთმანეთს რუსთავი და ჰიუნდაი შეხვდებიან. ეს გახლავთ ორივე საკალათბურთო სკოლის მე-2 გუნდი, რადგან მათ ძირითადი გუნდები A ლიგაში ჰყავთ, სადაც ასევე ჩემპიონობისთვის იბრძვიან.
სწორედ ამის გათვალისწინებით, რაკი უმაღლესში გუნდი ჰყავთ, ვერც ჰიუნდაი 2 და ვერც რუსთავი 2 A ლიგაში ვერ გადავლენ, თუმცა B ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. A ლიგის საგზური უკვე მოიპოვა აკადემიამ, რომელიც ნახევარფინალში ჰიუნდაი 2-თან დამარცხდა. გამომდინარე იქიდან, რომ აკადემიას არ ჰყავს A ლიგაში გუნდი, უმაღლესში სწორედ ის გადავა.
ნახევარფინალური სერიებიდან ბრძოლა სწორედ აკადემია-ჰიუნდაი 2-ის წყვილში იყო. სერია 2-მატჩიანი იყო და ამ გუნდებმა მოგებები გაიყვეს. პირველ შეხვედრაში ჰიუნდაელებმა დიდი სხვაობით – 87:60 იმარჯვეს და ფინალის საგზური ფაქტობრივად გაინაღდეს. საპასუხო მატჩი აკადემიამ მოსაგებად გაიწია და ვითარება მესამე პერიოდში დაძაბა, როცა 16 ქულით გალიდერდა. ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად აკადემიელებს 11 ქულა რჩებოდათ, თუმცა ჰიუნდაიმ მოახერხა, არასასურველი სხვაობით არ დამარცხებულიყო და ფინალში გავიდა. აკადემიამ მეტოქე 81:67 დაამარცხა, რაც 2 მატჩის ჯამში სერიის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ბრძოლა არ შედგა. რუსთავი 2-მა სერიის ორივე მატჩი იოლად – 103:56 და 95:75 მოუგო ზაზა ფაჩულიას აკადემია 2-ს და ფინალში გავიდა. ასე და ამგვარად, ფინალურ სერიაში B ლიგის ჩემპიონობისთვის რუსთავისა და ჰიუნდაის მეორე გუნდები შეხვდებიან. მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს აკადემია და ზფა 2 დაუპირისპირდება.
ფინალურ სერიასთან ერთად მე-3 ადგილისთვისაც 2-მატჩიანი სერია გაიმართება. პირველი შეხვედრები 2 ივნისს, ხოლო მეორე – 5 ივნისს გაიმართება.