“ა” ლიგა დაიწყო – ზესტაფონმა მეგა დაამარცხა, ორბმა – სპორტუნი

“ა” ლიგა დაიწყო – ზესტაფონმა მეგა დაამარცხა, ორბმა – სპორტუნი

“ა” ლიგის გათამაშება დაიწყო. ტურნირში 6 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძვიან. “ა” ლიგის გამარჯვებული უმაღლეს ლიგაში პირდაპირ გადავა და ბოლოადგილოსანს ჩაანაცვლებს, ხოლო ფინალში გადარცხებულს სუპერლიგაში გადასვლის შანსი მაინც შერჩება. დებულების თანახმად, “ა” ლიგის მეორეადგილოსანი სუპერლიგის საგზურისთვის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე გასულ გუნდს საკვალიფიკაციო სერიაში დაუპირისპირდება.

“ა” ლიგას სხვა მუხტი აქვს. კლასი სუპერლიგაზე დაბალია, თუმცა შემართება და ჟინია მაღალი. ამის მაგალითი იყო პირველივე მატჩი, რომელშიც “ზესტაფონი” “მეგას” დაუპირისპირდა. ზესტაფონი ის გუნდია, შარშან აფხაზეთი რომ ერქვა. კლუბს ნუგზარ ჭეიშვილი წვრთნის და გუნდს 3 ლეგიონერთან ერთად საკმაოდ კარგი ქართველი მოთამაშეები ჰყავს. 

რაც შეეხება “მეგას” – მიხეილ კობეშავიძის გუნდს უფრო ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს, რომლებსაც 2 ლეგიონერი აძლიერეს. ძალიან სწრაფ და საკმაოდ თვალსასეირო მატჩში მთელი თამაში დაძაბულობა იყო. თამაშს არც მაყურებელი აკლდა და არც ოვაცია. მეგას ამერიკელი ლეგიონერებისა და ანზორ ნადირაძის მოწადინებით “მეგამ” ანგარიში ბოლო პერიოდის შუაწელში გაათანაბრა, მაგრამ ზესტაფონელებმა ლეგიონერებმა ოთო ბულიავასთან ერთად მეტი მობილიზებითა და კლასით ითამაშეს და “მეგა” 85:82 (სტატისტიკა) დაამარცხეს. 

გამარჯვებულებს 23 ქულით, 11 მოხსნითა და 5 პასით ოთო ბულიავამ ულიდერა. 18 ქულა დააგროვა კრისტოფერ უილიამსმა, ხოლო ჰერარდ შნაიდერის ანგარიშზე 15 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. “მეგაში” 27 ქულით, 7 მოხსნით, 6 ჩაჭრითა და 4 პასით საუკეთესო იყო დეშონ ფრენსისი, ხოლო კრისშონ ორანჟის ანგარიშზე 25 ქულა დაგროვდა.

მეორე მატჩში ბრძოლა არ შედგა. “ორბმა” 96:62 (სტატისტიკა) სძლია სპორტუნის, რაც გასაკვირი არაა. უნივერსიტეტელები “ა” ლიგის დებიუტანტები არიან და კვლავინდებურად უმაღლესი სასწავლებლის წევრებით არიან დაკომპლექტებულნი – ერთადერთი ლეგიონერი ჰყავთ. “ორბი” კი სოლიდური გუნდია, რომელსაც სუპერლიგაში გადასვლის პრეტენზია გააჩნია.

პირველი ტურის მესამე მატჩი ხვალ – 2 თებერვალს გაიმართება: კავკასია თელავის ბურჯს უმასპინძლებს.