“ა” ლიგაში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება

“ა” ლიგაში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება

დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, “ა” ლიგის გათამაშების დაწყებამდე, მასში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. თუკი აქამდე საკვალიფიკაციო ეტაპი საპლეიოფო რაუნდს მოიცავდა, წლეულს მას სწორედ ტურნირის სახე ექნება.

საკვალიფიკაციო მინი-ტურნირში 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლის გამარჯვებულიც “ა” ლიგის საგზურს პირდაპირ მიიღებს, ხოლო მეორეზე გასული წინა სეზონის “ა” ლიგის აუტსაიდერთან დამატებით საკვალიფიკაციო რაუნდს გამართავს.

განვმარტავთ, რომ გასულ სეზონში ბოლო – V და VI ადგილებზე გასულ გუნდებს “ა” ლიგის საგზურების შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო მატჩები უნდა გაემართათ, მაგრამ რადგან სუპერლიგიდან დაქვეითებული “ბათუმი” კვლავ უმაღლესში დააბრუნეს, “ა” ლიგის მეხუთეადგილოსან “წყალტუბოსთვის” ლიგაში დარჩენის პრობლემა გადაიჭრა. მე-6 ადგილზე გასულ სეუ-ს კი “ა” ლიგაში ადგილის შენარჩუნება საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალისტთან ბრძოლაში მოუწევს.

2017-2018 წლების სეზონის “ა” ლიგაშ მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი 9-18 დეკემბერს გაიმართება და მასში 4 გუნდი – “თბილისი”, “კავკასია”, “რაზმი” და “ზაზა ფაჩულიას აკადემია” მიიღებს მონაწილეობას. გუნდები ერთმანეთში 1 წრეს (თითო მატჩს) გამართავენ, რის შემდეგაც 2 საუკეთესო ფინალში გავა. ფინალური სერია 2 მატჩის ჯამში საუკეთესოს – ანუ “ა” ლიგის ახალ მონაწილეს გამოავლენს, ხოლო ფინალში დამარცხებული გუნდი, როგორც აღვნიშნეთ, სეუ-ს დამატებით საკვალიფიკაციო რაუნდში დაუპირისპირდება და გამარჯვებული იქნება მომავალი “ა” ლიგის ბოლო მონაწილე.