“ა” ლიგაში პირველი მარცხი კავკასიამ თელავში, ბურჯთან განიცადა

“ა” ლიგაში პირველი მარცხი კავკასიამ თელავში, ბურჯთან განიცადა

საკალათბურთო “ა” ლიგის მეორე წრე დღეს, თელავში დაიწყო. მე-6 ტურში დაგეგმილი 3 მატჩიდან ერთი კახეთში გაიმართა. თელავში “ბურჯმა” გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ “კავკასიას” უმასპინძლა და სეზონში პირველი მარცხი აგემა – 91:76 (სტატისტიკა)

ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა “ა” ლიგის პირველ წრეში გამართული ხუთი მატჩიდან ყველა მოიგეს და კახეთის მთავარ ქალაქს ლიდერის ამპლუაში ესტუმრნენ. ნიკა ჩაველაშვილის გაწვრთნილმა თელაველებმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და მეტოქეს ისე აჯობეს, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ.

პირველი პერიოდი “ბურჯმა” 16:11 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა. ვითარება არც მეორე ნახევარში შეცვლილა. მართალია, მასპინძლებს იმხელა უპირატესობა არ ჰქონდათ, რაც პირველ ნახევარში, თუმცა მოპოვებული ლიდერობის ფონზე ესეც საკმარისი აღმოჩნდა. საბოლოოდ თელაველებმა 15 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს და მიმდინარე სეზონში მე-3 გამარჯვება მოიპოვეს.

მასპინძლებს სამმაგი დუბლით ქაი მაურასმა ულიდერა, რომელმაც 14 ქულა, 14 მოხსნა და 11 პასი მიითვალა. 24 ქულა ჰავიერ ნიუსონმა, ხოლო 20 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი უნრუჰ სმიტმა მიითვალა. კავკასიაში 18 ქულით ბომბარდირი გახდა დევონ კოლი, ხოლო ვლადიმერ ალავიძის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. 

მე-6 ტურის დარჩენილი 2 მატჩი 23 მარტს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: მეგა – ზესტაფონი, სპორტუნი – ორბი