დღეს სტარტი აიღო 2020-2021 წლების სეზონის “ა” ლიგის გათამაშებამ. სუპერლიგის შემდეგ ეს გახლავთ რანგით მეორე საკალათბურთო ლიგა საქართველოში, რომლის გამარჯვებულსაც უმაღლესი დივიზიონის საგზური ერგება, ხოლო ფინალში დამარცხებულსაც რჩება სუპერლიგაში გადასვლის შანსი.
დებულების თანახმად, “ა” ლიგის მონაწილე 6 გუნდი 2 წრედ ითამაშებს და 10 ტურის შემდეგ საუკეთესო 4 გუნდი პლეი ოფში გავა. ნახევარფინალები 2 მოგებამდე იქნება, ხოლო ფინალური სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება. “ა” ლიგის ჩემპიონი სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს და უმაღლეს ლიგაში ბოლო, მე-11 ადგილზე გასულ გუნდს პირდაპირ ჩაანაცვლებს. “ა” ლიგაში ფინალში დამარცხებული გუნდი სუპერლიგის მეათეადგილოსანთან საკვალიფიკაციო სერიას ითამაშებს, რომლის გამარჯვებულიც მომავალ სეზონში სუპერლიგაში იასპარეზებს.
“ა” ლიგის გათამაშება მე-7-ედ ტარდება და დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მისი თამაშები დიდი დაძაბულობითა და ემოციურობით გამოირჩევა. ტრადიცია ახალი სეზონის პირველივე მატჩში გაგრძელდა, რომელშიც მამუკა ტურაშვილის “ორბი” “სპორტუნისთან” დამარცხდა. როლანდ გელოვანის გაწვრთნილმა სპორტის უნივერსიტეტელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და ულეგიონეროდ მყოფებმა 3 უცხოელით გაძლიერებულ “ორბს” სძლიეს – 78:74 (სტატისტიკა).
მართალია, “ორბს” ტრავმის გამო არმანი ფლანინგანი აკლდა, მაგრამ იმ შემადგენლობითა და ამბიციით, რომელიც ამ გუნდს ჰყავს და გააჩნია, “სპორტუნისთან” უპირობო გამარჯვებას გეგმავდა. ლაშა დოლიძის, გიორგი ცირიკიძის, ნიკა ჯაიანისა და სხვა უნივერსიტეტელების ლიდერობით “სპორტუნი” თავიდანვე დაწინაურდა და არც მაშინ გატყდა, როცა ბოლო პერიოდში “ორბმა” 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. გუნდური და ბრძოლისუნარიანი თამაშით გელოვანის გაწვრთნილი გუნდი გამარჯვებამდე მივიდა და “ა” ლიგის ახალი სეზონი ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით გახსნა.
18 ქულით, 9 პასითა და 8 მოხსნით გამარჯვებულებს ცირიკიძემ ულიდერა. 21 ქულით ბომბარდირი დოლიძე გახდა, 12 ქულა და ამდენივე მოხსნა ნიკა ჯაიანის ანგარიშზე დაგროვდა. “ორბიში” 24 ქულით საუკეთესო იყო ჯორდან უოკერი. 16 ქულა ნიკამ, ხოლო 14 – ლევან ლოლიშვილმა მოაგროვა.
“ა” ლიგის მორიგი მატჩი კვირას, 7 თებერვალს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: “კავკასია” თელავის “ბურჯს” უმასპინძლებს.