“ა” ლიგის მე-8 ტური: მეგას, ორბის და ზესტაფონის გამარჯვებები

“ა” ლიგის მე-8 ტური: მეგას, ორბის და ზესტაფონის გამარჯვებები

“ა” ლიგის მე-8 ტურის სამივე მატჩი დღეს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, რომელმაც არაერთი საკვანძო საკითხი გაარკვია. მივყვეთ გამართული მატჩების თანმიმდევრობით. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს “ზესტაფონი” და “სპორტუნი” დაუპირისპირდნენ. მატჩი ზესტაფონელთა იოლი გამარჯვებით – 113:80 (სტატისტიკა) დასრულდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ როლანდ გელოვანის გაწვრთნილი სპორტის უნივერსიტეტის გუნდი 2 ქულით ჩამორჩა მეტოქეებს.

ეს კი ფაქტობრივად რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ადგილზე დასრულებას, ანუ ლიგიდან გავარდნას ნიშნავს. დარჩენილ 2 ტურში სპორტუნის მხოლოდ თელავის “ბურჯის” გადასწრების თეორიული შანსი აქვს. ამისათვის თელაველებმა ორივე შეხვედრა უნდა წააგონ, სპორტუნიმ კი – ორივე მოიგოს. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ბოლო ტურის უკანასკნელ მატჩში – 11 აპრილს დაუპირისპირდებიან.

მეორე მატჩში ერთმანეთს “ორბი” და თელავის “ბურჯი” შეხვდნენ. ეს მატჩი რომ კახურ გუნდს მოეგო, ორბს ფაქტობრივად პლეი ოფს მიღმა ტოვებდა. თუმცა ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ორბელებმა ძალიან მოინდომეს და მთელი შეხვედრის მანძილზე მობილიზებულად ირჯებოდნენ, რაც მოგებით დაუფასდათ: 102:92 (სტატისტიკა)

გამარჯვებულებს გამორჩეული ლიდერი ჰყავდათ: შეუჩერებელი დიაგო ქუინი, რომელმაც მიმდინარე სეზონში უმაღლესი სარგებლიანობის ინდექსი – 44 მოაგროვა. მის ანგარიშზე 33 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება დაგროვდა. 18-18 ქულა ჯორდან უოლკერმა და არმანი ფლანიგანმა მიითვალეს. თელაველთაგან 19 ქულით, 14 მოხსნითა და 5 ჩაჭრით საუკეთესო იყო თაჩ უნრუჰი. ჰავიერ ნიუსონის ანგარიშზე 26 ქულა დაგროვდა. 

დღის და მე-8 ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს გათამაშების 2 ლიდერი – “კავკასია” და “მეგა” შეხვდა. ორივე გუნდს 6-6 მოგება და თითო მარცხი ჰქონდა. ამასთან, პირველ წრეში კავკასიელებს მეგა 87:83 ჰყავდათ დამარცხებული. შეხვედრა უშეღავათო და საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გუგა პატარაიას გაწვრთნილი მეგა უმეტესწილად ლიდერობდა, თუმცა მცირედით, კავკასია კი პერიოდულად ანგარიშს ათანაბრებდა და წინაც გადიოდა.

ასე გავიდა მატჩის დასრულებამდე 54 წამით ადრე კავკასია 3 ქულით წინ. მარკიზ მეიფილდის სროლას ბექა წივწივაძის გუნდის 72:69 დაწინაურება მოჰყვა. საპასუხო შეტევაში მეგას სნაიპერმა, ასტონ ფრენსისმა სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა. კავკასიის შეტევა ელიოტ კოულიმ არაზუსტი გარღვევით გააცუდა და ასტონ ფრენსისის მოხსნის შემდეგ მეგას შესატევად 35 წამი დარჩა. საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე ფრენსისმა სამქულიანი ააცილა, თუმცა მეგას ფორვარდმა ლუკა გიორგაძემ იყოჩაღა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიხელთა. საფინალო სირენამდე წამები რჩებოდა, როცა ბურთი მეგას გამთამაშებელმა ჯერმეინ მეროუმ მიიღო, მარჯვენა კუთხიდან ფარქვეშ შეიჭრა და გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო – 74:72 (სტატისტიკა)

მეგაში 26 ქულით საუკეთესო მეროუ გახდა, ჯალენ ბრედლიმ კი 12 ქულა მოაგროვა. კავკასიაში 22 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესი იყო მარკიზ მეიფილდი. 12 ქულა ელიოტ კოულის ანგარიშზე დაგროვდა. 

დარჩენილ 2 ტურში მეგამ ორივე შეხვედრა თუ მოიგო, რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ საუკეთესო 4 გუნდი პლეი ოფში გადის. პირველადგილოსანი ნახევარფინალში მეოთხეზე გასულ გუნდს შეხვდება, ხოლო მეორე – მესამეს. ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდეა, ხოლო ფინალი სამ მოგებამდე გაგრძელდება. ფინალის მომგები გუნდი მომავალი სეზონის სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს. ფინალში დამარცხებული კი სუპერლიგის რეგულარულში მე-10 ადგილზე გასულ გუნდთან საკვალიფიკაციო სერიაში სუპერლიგის კიდევ ერთი საგზურისთვის იბრძოლებს.

შემდეგი ტურის მატჩები 7 აპრილს გაიმართება, ბოლო ტურის კი – 11 აპრილს.