საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“ა” ლიგის VIII ტური: ლიდერებს აუტსაიდერების დამარცხება გაუჭირდათ

“ა” ლიგის VIII ტური: ლიდერებს აუტსაიდერების დამარცხება გაუჭირდათ

მე-8 ტურის 3 მატჩს დღეს, ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ცხრილის ზედა ნახევარში მყოფი გუნდები ქვედა სამეულს შეხვდნენ და მიუხედავად დაძაბული მატჩებისა, სამივე მატჩში ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა იმარჯვა. შესაბამისად, სატურნირო თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. მოწინავეებმა ლიდერობა გაიმყარეს და პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობაც ფაქტობრივად გადაწყდა. 

რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გადაწყვეტილია, რომ პლეი ოფში კსუ (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი), “ვერა” და “მეგა ბასკეტი” ითამაშებენ. დარჩენილ 2 ტურში პლეი ოფის მე-4 მონაწილე უნდა გაირკვეს. მე-4 ადგილზე “არენა-ორბი” იმყოფება, რომელიც V-VI ადგილებზე მყოფ “აფხაზეთს” და “თბილისს” 1 ქულით უსწრებს. შესაბამისად, პლეი ოფის ბოლო საგზურის დაუფლების ოპონენტებზე უკეთესი შანსი დეიან პროკიჩის გაწვრთნილ “არენა-ორბს” გააჩნია.

სწორედ “არენა-ორბი” უგებდა დღევანდელ ტურში ბოლო წუთებამდე ერთ-ერთ ლიდერ “მეგა ბასკეტს”, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ძალა არ ეყო. პროკიჩის გუნდი პირველ ნახევარში დამაჯერებლად, ერთხანს 18 ქულითაც იგებდა და ლიდერობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. “მეგა ბასკეტმა”, რომელსაც მიმდინარე “ა” ლიგაში მხოლოდ 1 მარცხი აქვს, გამარჯვება ბოლო წამებზე მოიპოვა და “კავკასიასთან” ერთად გათამაშების ლიდერად დარჩა. 

სხვათა შორის, კავკასიელებსაც ძალიან გაუჭირდათ გამარჯვების მოპოვება. ბოიან სალატიჩის გაწვრთნილი გუნდი “აფხაზეთთან” თითქმის მთელი მატჩი აგებდა და მეტოქე ბოლო 5 წუთში გატეხა. საბოლოოდ კავკასიელებმა 84:67 იმარჯვეს.

ყველაზე ნაკლებსაინტერესო “ვერასა” და “თბილისის” მატჩი გამოდგა. მილოშ პეიჩის გაწვრთნილმა ვერელებმა “თბილისს” 114:77 სძლიეს და ცხრილში მე-3 ადგილზე გამაგრდნენ. მორიგი, ბოლოსწინა ტურის მატჩები 21 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში რეგულარული ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდი გადის. პირველზე გასული ნახევარფინალში მე-4-ს შეხვდება, ხოლო მეორე – მესამეს.

ფინალის მომგები გუნდი სუპერლიგაში პირდაპირ გადავა, ხოლო დამარცხებულს უმაღლესში გადასვლის შანსი მაინც მიეცემა და სუპერლიგის ბოლოსწინა ადგილზე გასულ გუნდთან საკვალიფიკაციო სერიას ითამაშებს.

“ა” ლიგის მატჩების: სტატისტიკა