“ა” ლიგის საკვალიფიკაციო “ზაზას” ტექნიკური და კსუ-ს 35-ქულიანი გამარჯვებებით დაიწყო

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო “ზაზას” ტექნიკური და კსუ-ს 35-ქულიანი გამარჯვებებით დაიწყო

დღეს დაიწყო “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც 4 გუნდი დარეგისტრირდა, თუმცა კლუბ “რაზმს” პრობლემები შეექმნა და დღეს, პირველ მატჩზე, “ზაზა ფაჩულიას აკადემიასთან” სათამაშოდ ვერ გამოცხადდა. შესაბამისად, ტექნიკური წაგება – 0:20 ჩაეთვალა. 

მეორე შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის გუნდსა და კლუბ “თბილისს” შორის გაიმართა. მატჩი თანაბრად კი დაიწყო, თუმცა კავკასიელთა უპირატესობა მალევე გამოიკვეთა და ანგარიშში სხვაობის ზრდაც დაიწყო. ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა კავკასიის უნივერსიტეტელებმა ყველა პერიოდი მოიგეს და საბოლოოდ დამაჯერებელი ანგარიშით – 91:56  იმარჯვეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდში 17 ქულით საუკეთესო იყო ამერიკელი ლეგიონერი რაიან აარონი. 15 ქულა მიითვალა გიგი მელაძემ, ნიკა ღონღაძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. “თბილისში” 14 ქულით ალექსანდრე მეგენეიშვილი გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციოს ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც 2 საუკეთესო ფინალში გავა. 2-მატჩიანი სერიის მომგები გუნდი კი “ა” ლიგის საგზურს მოიპოვებს, ხოლო ფინალის წამგები “ა” ლიგის გასული სეზონის აუტსაიდერ სეუ-ს დამატებით საკვალიფიკაციო რაუნდში შეხვდება ლიგის ბოლო საგზურის მოსაპოვებლად. 

ხვალ, 10 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში “თბილისი” – “რაზმს” (17:45) შეხვდება, ხოლო 19:30 საათზე “ზაზა” კსუ-ს დაუპირისპირდება

კსუ – თბილისი 91:56