საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ადრიატიკის ლიგის ახალგაზრდებში გოგა ბითაძეს მხოლოდ ჯანან მუსამ აჯობა

ადრიატიკის ლიგის ახალგაზრდებში გოგა ბითაძეს მხოლოდ ჯანან მუსამ აჯობა

დასრულდა ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატი და საუკეთსოების გამოვლენის დროც დადგა. ქართველ გულშემატკივარს აღნიშნული ლიგის ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი აინტერესებს, რამეთუ ამ ნომინაციაში ერთ-ერთი ფავორიტი 18 წლის გოგა ბითაძეა.

ასე და ამგვარად, “მეგა ბემაქსის” ქართველი ლეგიონერი, გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის (1997 წელს და მოგვიანებით დაბადებულნი) გამოკითხვაში მე-2 ადგილზე გავიდა. ხმის მიცემის პროცედურა ტურნირის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით მიმდინარეობდა და საბოლოო შედეგებში ქომაგთა ხმებს 30%-ანი წილი მიეკუთვნა, ადრიატიკის ლიგის მწვრთნელებისთვის 60% გახლდათ გამოყოფილი, 10% კი ლიგის კომისიონერს ეკუთვნოდა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად ხორვატული “ცედევიტას” ტალანტ ჯანან მუსა (ბოსნია-ჰერცეგოვინა) აღიარეს, რომელმაც ხმების 64% მიიღო, ბითაძეს 16% ერგო, მესამეზე კი სერბული ფმპ-ს წევრი ალეკსა რადანოვი (5%) გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ლიგის რეგულარულ სეზონში ბითაძე “მეგა ბემაქსის” სასტარტო ხუთეულის მოთამაშე იყო, მისი საშუალო სტატისტიკა კი ასეთი გახლდათ: 23.0 წუთი, 11.8 ქულა, 6.9 მოხსნა, 1.0 პასი, 0.7 ჩაჭრა, 2.1 დაფარება, ორქულიანები 54.4%, სამქულიანები 22.2%. საჯარიმოები 67.2%, სარგებლიანობის კოეფიციენტი 14.4.