“აკადემია” საფინალოდ დაწინაურდა

“აკადემია” საფინალოდ დაწინაურდა

საკალათბურთო „აკადემიის“ გუნდმა გუშინ კახა შენგელიას გაწვრთნილ „მართვეს“ დამაჯერებლად მოუგო და თუკი დღეს იგივეს გაიმეორებს, ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

 გია კაზანჯიანის გუნდი თავიდან ცოტა ინერტული ჩანდა – აკადემიელებს თამაში რიგ კომპონენტებში არ მისდიოდათ და ამიტომაც იყო, მართველები რომ დაწინაურდნენ. მათ შეტევებს კარგად უძღვებოდა რატი ბააკაშვილი, თუმცა მართველების მთავარი იარაღი ლევან ტუხაშვილი იყო, რომელიც ნომინალურად ცენტრია, თუმცა ამ მატჩში სნაიპერული თვისებებიც გამოავლინა. ტუხაშვილი ერთ მომენტშუი ფარვეშ რომ ტრიალებდა, უცებ პერიმეტრზე აიწევდა და შორიდან უტევდა. მან „აკადემიას“ 3 სამქულიანი ჩაუგდო პირველ ტაიმში და „მართვეც“ დიდ შესვენებაზე 3–ქულიანი ლიდერობით გავიდა.მეორე ტაიმიდან ვითარება რადიკალურად შეიცვალა. „აკადემიამ“ გამართული დაცვით მოიგერია მართველთა შეტევები – ტუხაშვილიც გაანეიტრალა, ბააკაშვილიც შებოჭა და ქულების გროვებას თავად მიჰყო ხელი. ამ საქმეში ბადალი არ ჰყავდა მერაბ ბოქოლიშვილს, რომელმაც საბოლოოდ 44 ქულა მიითვალა და ამ შედეგის ნახევარზე მეტი მეორე ტაიმზე მოდის.აკადემიელთაგან ბოქოლიშვილის გარდა მხოლოდ ნოდარ თენიეშვილი ასცდა ათქულიან ზღვარს, რომელმაც თამაშის მიწურულს 2 ულამაზესი შეტევა დააგვირგვინა შედეგიანად და სწორედ ამის მერე გადაეწურა „მართვეს“ იმედი.დღეს ამ გუნდების მეორე მატჩია, რომელიც შესაძლოა, ამ სერიაში ბოლო აღმოჩნდეს – თუ, რა თქმა უნდა, „აკადემია“ გაიმარჯვებს. მეორე წყვილი კი (რუსთავი–მართვე) ხვალ იწყებს ნახევარფინალურ სერიას.