აკადემიამ სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა

აკადემიამ სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა

„აკადემია“ მესამე ადგილის მფლობელია. გელა წულაძის
გაწვრთნილმა გუნდმა ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდს
79:64 მოუგო

 და სეზონი საპრიზო ადგილით დაასრულა.

აკადემიელებმა ნახევარფინალური სერია „რუსთავთან“
1:2 წააგეს, ხოლო „შსს-აკადემიამ“ ფინალში გასასვლელ სერიაში „ჰიუნდაისთან“ 0:2 წააგო.
ორივე გუნდს ძალიან უნდოდა მესამე საპრიზო ადგილის დაკავება და ერთმანეთს დიდი ბრძოლაც
გაუმართეს, რომელშიც გამარჯვებული „აკადემია გამოვიდა.

წულაძის გუნდმა თამაში თავიდანვე მიზანმიმართულად და
სწორად წარმართა. აკადემიელები დაცვაში კარგად ირჯებოდნენ, ხოლო შეტევაში სწრაფი გარღვევებითა
და პერიოდული შორი სროლებით ქულებს უხვად იხვეჭდნენ და პირველი მეოთხედის შემდეგ
26:14 დაწინაურდნენ.

შსს-ელებს შორი სროლები არ მისდიოდათ, ცდა, რომ ფარქვეშ
გაბატონებულიყვნენ, „ძალოვნებს“ არ გამოუვიდათ. შესაბამისად, დიდი შესვენებისთვის „აკადემიის“
ლიდერობა მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა (42:29), ხოლო მეორე მეოთხედში ბევრი არაფერი
შეცვლილა. ერთი ხანობა „შსს-აკადემიამ“ დაცვა გამოასწორა და მეტოქეს ბურთს ხან ართმევდა,
ხან აცილებინებდა, თუმცა შეტევაში თავადაც ვერ ხეირობდა და ყველაზე მეტი, რაც შეძლო,
ჩამორჩენის 8 ქულამდე შემცირება იყო.

საბოლოოდ მატჩი ისე ჩამთავრდა, რომ ვითარება არ დაძაბულა.
„აკადემია“ იოლად მივიდა გამარჯვებამდე და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა. პრიზიორებს
22 ქულით და 9 მოხსნით ბექა დარახველიძემ ულიდერა, ხოლო ნიკა ღურწკაიამ პირად ანგარიშზე
18 ქულა ჩაიწერა. დამარცხებულთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ გურამ კენჭიაშვილმა
(15) და არჩილ პულუზაშვილმა (12) დაძლიეს. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი მიითვალა,
მოხსნა რა ფარიდან ასხლეტილი 13 ბურთი.

ფინალური სერია, რომელშიც „რუსთავი“ „ჰიუნდაის“ ხვდება,
23 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

გელა წულაძე
(აკადემია):  წლევანდელმა ჩემპიონატმა კარგად ჩაიარა, სადაც რამადენიმე
თანაბარი ძალის მქონე გუნდი გამოიკვეთა. ჩვენი შედეგით კმაყოფილი არ ვარ რადგან ვფიქრობ
ფინალშიც შეგვეძლო თამაში, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო არ გამოგვივიდა.  დაშავდა გუნდის კაპიტანი და  წამყვანი მოთამაშე ბექა დარახველიძე, რომელიც სამი
თვის განმმავლობაში დაგვაკლდა. გამოჯანმრთელების შემდეგ მას საკმაო დრო დასჭირდა  ფორმაში შესასვლელად. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება,
უპირატესობა თავიდანვე ჩვენ მოვიპოვეთ და ვფიქრობ დამსახურებულად ვიმარჯვეთ. მართალია
შსს აკადემია კარგი გუნდია,  თუმცა  ჩვენ აშკარად ვჯობდით,  ყოველ შემთხვევაში დღევანდელ მატჩში. მივულოცავ  ჩვენს ბიჭებს მესამე ადგილს  და მადლობას გადავუხდი ყველას.

ბექა დარახველიძე(აკადემია): კარგი დაცვა ვითამაშეთ და ამის ხარჯზე მოვიგეთ.
დაძაბული თამაში იყო, ნახევარფინალში წაგების შემდეგ მოვახერხეთ ისევ ერთ გუნდად შეკვრა
და გამარჯვება. 

შსს აკადემია – აკადემია   65:79