აკაკი დვალიშვილი: “ვეცდები, ეროვნულ ნაკრებში ნაბოძები შანსი გამოვიყენო”

აკაკი დვალიშვილი: “ვეცდები, ეროვნულ ნაკრებში ნაბოძები შანსი გამოვიყენო”

სხვა ახალწვეულებთან ერთად აკაკი დვალიშვილი ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს. კალათბურთელს, რომელსაც ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ყოველთვის გუნდის ერთ–ერთ ლიდერად ითვლებოდა, შრომა დაუფასდა და შანსი ეძლევა,  ეროვნულ გუნდში ადგილი დაიმკვიდროს. დვალიშვილი გასულ სეზონში შსს–სა და სამედიცინო უნივერისტეტის გუნდში თამაშობდა, სადაც საშუალოდ ორმაგ დუბლს აგროვებდა. დვალიშვილი დღესდღეობით ეროვნულ ნაკრებში ვარჯიშოვბს და იმედი აქვს, ადგილს ძირითად შემადგენლობაშიც მოიპოვებს
 

 
 
– ელოდი თუ არა ნაკრებში გამოძახებას?
 
– რომ ვთქვა, ნაკრებში თამაშზე არ ვფიქრობდი თქო, არ იქნება მართალი. შესაბამისად, ველოდი, რომ გამომიძახებდნენ, თუმცა ვიცოდი, ეს მწვრთნელების გადასაწყვეტი იყო. იმის ამბიცია არ მქონია, რომ გინდა თუ არა, უნდა გამომიძახონ მეთქი.
 
– ნაკრების ერთ–ერთი მწვრთნელი დავით უსტიაშვილია, რომელმაც კარგად იცის შენი შესაძლებლობები.
 
– დავით უსტიაშვილთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება მაქვს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. უსტიაშვილი ჩემი მწვრთნელი იყო რუსთავის „ენერჯი ინვესტში“, ასევე 18 და 20–წლამდელთა ნაკრებებში. მან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები და მიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა ეროვნულ ნაკრებშიც გრძელდება. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.
 
– ფიქრობ, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას მოახერხებ?
 
– რადგან გამომიძახეს, თავისთავად შანსსაც მაძლევენ. ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმსახურო.
 
– შენს პოზიციაზე არსებულ კონკურენციაზე რას იტყვი?
 
– ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავს. ვისარგებლებ შემთხვევით და თორნიკე შენგელიას დრაფტზე წარმატებას მივულოცავ. ვუსურვებ, ნბა–შიც გამოეჩინოს თავი. ის ჩემს პოზიციაზე თამაშობს, ისევე როგორც ნიკა მეტრეველი და ბექა ბექაური. ყველა ძალიან კარგი ბიჭია, მონდომებულები, შრომისმოყვარეები და მიზანსწაფულები არიან. კონკურენცია ზომაზე დიდია, რაც დამატებითი სტიმულს მაძლევს.
 
– ნაკრებთან უკვე მეორე ვარჯიში ჩაატარე. რითი გრძნობ, რომ ეროვნულ ნაკრებში ხარ?
 
– ნაკრები კალათბურთელის პიკია. ყველა ეროვნულ გუნდში თამაშისკენ მიილტვის და როცა პირველად გამოგიძახებენ, თავისთავად ამაღლებული, განსხვავებული გრძნობაა. დღესდღობით ვისთანაც ვვარჯიშობ, უმეტესობასთან ადრეც მივარჯიშია და მითამაშია, თუმცა ეხლა სულ სხვა გრძნობა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ფიზიკურად ვვარჯიშობთ, თითოეული მომენტი ემოციურად დამუხტულია.
 
–  გასულ სეზონს როგორ შეაფასებ?
 
– საქართველოს სუპერლიგიდან საკმაოდ ბევრი კალათბურთელი გამოიძახეს ნაკრებში, რაც იმის მანიშნებელია, რომ დონე ძალიან გაზრდილია. საქართველოს ჩემპიონატში რომ გამორჩეული ხარ, ნაკრებში თამაშის შანსიც გეძლევა. ეს ძალიან დიდი სტიმულია და დარწმუნებული ვარ, მომავალში სუპერლიგაში კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდება, რითაც ჩემპიონატის დონე მოიმატებს და მაყურებელიც მოგებული დარჩება.
 
– სუპერლიგაში გუნდი გამოიცვალე. რატომ გადაწყვიტე „ოლიმპში“ თამაში?
 
– მქონდა რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად, „დინამო“, „რუსთავი“ მეპატიჟებოდნენ, თსსუ–საც სურდა ჩემი დატოვება, თუმცა არჩევანი „ოლიმპზე“ გავაკეთე, რომელიც ამბიციური და საკმაოდ ძლიერი გუნდია. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად „ოლიმპში“ გადასვლა იმიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ გუნდში ვარჯიშისა და ფიზმომზადების იდეალური პირობები მექნება. „ოლიმპს“ ქართულ კლუბებში საუკეთესო პირობები და ინფრასტრუქტურა აქვს.