ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხვალ მაკედონიაში მიემგზავრება, სადაც 16–26 ივლისს ევროპის ჩემპიონატის (B დივიზიონი) საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. დავით უსტიაშვილის ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან: პორტუგალია, შვედეთი, ლუქსემბურგი და სლოვაკეთი.
20–წლამდელები 15 ივნისს შეიკრიბნენ და საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ემზადებიან. დავით უსტიაშვილის გუნდს მაკედონიაში ვერ დაეხმარება გიორგი შერმადინი, რომელიც მწვრთნელების საერთო გადაწყვეტილებით მთლიანად ეროვნულ ნაკრებშია დაკავებული. მაკედონიურ ტურნირში სულ 19 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს და A დივიზიონში ის 2 გუნდი აინაცვლებს, რომლებიც ფინალში გავლენ.
დღეს, მაკედონიაში გამგზავრებამდე, ახალგაზრდულმა ნაკრებმა საკონტროლო მატჩი გამართა ლეგიონერებითა და სხვა ქართველი მოთამაშეებით შემდგარ გუნდთან. დავით უსტიაშვილმა გადაწყვიტა, რომ რაკი საერთაშორისო სპარინგ–პარტნიორი არ ჰყავდა, თავისი გუნდი ადგილობრივ კალათბურთელებთან გამოეცადა. 20–წლამდელების მოწინააღმდეგე გუნდში თამაშობდნენ:
ლაშა გამყრელიძე, ვიქტორ სანიკიძე, ანატოლი ბოისა, მიხეილ ბერიშვილი, რევაზ ათანელიშვილი, ბესიკ ლეჟავა, მიხეილ ჭოჭუა. თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ფრედ, 86:86 დამთავრდა. დავით უსტიაშვილი ეცადა, ის კომბინაციები, რომლებსაც ვარჯიშებზე ამუშავებდა, ამ მატჩში დაეხვეწა.
 
„ტრავმებმა ძალიან გაგვტანჯა, ხან ერთი მოთამაშე დაშავდებოდა, ხან – მეორე, მთელი დატვირთვით მომზადება ვერ მოვახერხეთ. ეს ამხანაგური მატჩი კარგი გაკვეთილი იყო მაკედონიაში წასვლამდე. ჯგუფში პირველი მატჩი პორტუგალიასთან გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ შეხვედრის შედეგი ჩვენთვის. თუ გავიმარჯვეთ, ჯგუფიდან გასვლაზე სერიოზულ განაცხადს გავაკეთებთ, რადგან მეორე დღეს ვისვენებთ, მერე კი აუტსაიდერ ლუქსემბურგს ვეთამაშებით და დანარჩენ მეტოქეებთან საბრძოლველად საკმარისი დრო გვექნება“ – თქვა დავით უსტიაშვილმა.
 
 
ჩვენი ნაკრები მაკედონიაში ამ შემადგენლობით მიემგზავრება:
უკანახაზელები: ბექა წივწივაძე (C) (სსაუ), დავით ნანიტაშვილი (დინამო), ზურაბ მაჭავარიანი (ენერჯი–ინვესტი), მალხაზ აბაიშვილი (ენერჯი–ინვესტი), ლევან ცეკვავა (ენერჯი–ინვესტი)
ფორვარდები: კოკა ტომარაძე (საბადელი, ესპანეთი), გიგა კვეტენაძე (ბარბერე, ესპანეთი), ლევან შენგელია (როდ აილენდი, NCAA, აშშ), თორნიკე შენგელია (პამესა, ესპანეთი), ტატო ჩაჩიბაია (სსაუ)
ცენტრები: ნიკა მეტრეველი (სიენა, იტალია), რიჩარდ მათიაშვილი (ავიამშენი)
 
მთავარი მწვრთნელი – დავით უსტიაშვილი
მწვრთნელის ასისტენტი  – მიხეილ ბერუაშვილი
ექიმი – ზურაბ იოსელიანი
 
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:
 
16 ივლისი
პორტუგალია – საქართველო       16:45
 
18 ივლისი
საქართველო – ლუქსემბურგი      20:45
 
19 ივლისი
სლოვაკეთი – საქართველო          22:00
 
20 ივლისი
საქართველო – შვედეთი               18:30
  
 
დგანან მარცხნიდან: მიხეილ ბერუაშვილი, ტატო ჩაჩიბაია, გიგა კვეტენაძე,რიჩარდ მათიაშვილი, დავით უსტიაშვილი, ნიკა მეტრეველი, თორნიკე შენგელია, ლევან შენგელია
ქვედა რიგი მარცხნიდან: ლევან ცეკვავა, მალხაზ აბაიშვილი, ზურაბ მაჭავარიანი, კოკა ტომარაძე, ბექა წივწივაძე, დავით ნანიტაშვილი
 
 
 
ვიქტორ სანიკიძე ახალგაზრდული ნაკრების ფარქვეშ დომინირებდა
 

ბექა წივწივაძის დაფარებას ცდილობს მიხეილ ბერიშვილი
 

ნიკა მეტრეველმა ბურთი ეფექტურად ჩააგდო
 

დავით უსტიაშვილი სპარინგ–მატჩის შესვენებაზე
 

საჰაერო ბრძოლა: ანატოლი ბოისა და თორნიკე შენგელია
 

 
 

ვიქტორ სანიკიძემ და ლაშა გამყრელიძემ 2 წლის წინ
ახალგაზრდული ნაკრები A დივიზიონში გადაიყვანეს
 

ნამატჩევს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრ ნიკა მეტრეველს ტელეჟურნალისტი გაესაუბრა