საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონული დეპარტამენტის ძალისხმევით, რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მასობრიობის ზრდის პროცესი აქტიურად გრძელდება. ამჯერად ფედერაციის წარმომადგენლები ახალციხეს ესტუმრნენ და ადგილობრივ საკალათბურთო აკადემიას თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო გადასცეს. ახალციხის ახალაშენებულ სპორტულ ბაზაზე, სადაც წამყვანი რგოლი კალათბურთს უკავია, სტუმრებს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური დახვდა, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო დარბაზში ტაბლოს დასაკიდებლად ოპტიმალური ადგილის შერჩევაში.
ახალციხეში გამართული ვიზიტი და ინვენტარით უზრუნველყოფა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის იმ მასშტაბური და წარმატებული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც უკვე მეოთხე წელია მუშაობს. პროექტის უნიკალური ფინანსური მოდელი იმაში მდგომარეობს, რომ ფედერაცია FIBA-სგან (YDF) მიღებულ სახსრებს საკუთარი ბიუჯეტიდან დანამატით მინიმუმ აორმაგებს. ეს საშუალებას იძლევა, დახმარება მიიღოს ყველა იმ ქალაქმა თუ სოფელმა, სადაც საკალათბურთო აქტივობა არსებობს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გადმოცემულ თანამედროვე ტაბლოს პირველად გამოიყენებს საკალათბურთო სკოლა, რომელიც 100-ზე მეტ ბავშვს აერთიანებს, ასევე პროფესიული სუპერლიგის გუნდი. აღსანიშნავია, რომ ახალციხე ისტორიაში პირველად მასპინძლობს სუპერლიგის მატჩებს, რაც ადგილობრივი სპორტული საზოგადოებისთვის უდიდესი წინსვლა და სტიმულია.
ახალციხეში იმყოფებოდნენ პროგრამის ხელმძღვანელი, ფედერაციის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსი შალვა ონიანი და აღნიშნული დეპარტამენტის წევრები: ალეკო პეტრიაშვილი, მათე ანთია და ირაკლი პერტაია. რეგიონებში ვიზიტები კვლავ აქტიურად გაგრძელდება, მით უფრო, რომ პროექტი გაფართოვდა და მასში გოგონებიც ჩაერთვნენ, რისი მიზანიც ფიბა-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ქალთა კალათბურთის მთელი საქართველოს მასშტაბით განვითარებას გულისხმობს.