ალექსანდრე მერკვილაძის შედეგიანი მატჩი NCAA-ში

ალექსანდრე მერკვილაძის შედეგიანი მატჩი NCAA-ში

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში წარმატებით დგავს პირველ ნაბიჯებს ალექსანდრე მერკვილაძე. ქუთაისელი კალათბურთელი მხოლოდ 18 წლისაა და ის უკვე NCAA-ის გუნდის ღირსეული წევრია და სათამაშო დროც საკმარისად აქვს.

მერკვილაძე კალ სტეიტ ნორტრიჯ მატადორსის ღირსებას იცავს, მისი გუნდი კი Big West-ის კონფერენციაში ასპარეზობს, სადაც ამ ეტაპისთვის 3 მოგება და 5 მარცხი აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩში ნორტრიჯელებმა კალიფორნიულ დევის ეიჯისთან 63:75 წააგეს, ქართველმა ფორვარდმა კი 16 ქულა მიითვალა. მან ამაზე შედეგიანად მხოლოდ სეზონის გახსნით შეხვედრაში ითამაშა, როდესაც ვესტმონტ უორიორსს 20 ქულა ჩაუგდო.

ალექსანდრემ მოედანზე 29 წუთი გაატარა და 4-ვე ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და აქტივში 7 მოხსნა და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – თითო შეცდომა და პერსონალური ფოლი.

მიმდინარე სეზონში მერკვილაძის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 26.3 წუთი, 8.5 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3 პასი. ნორტრიჯი მომდევნო მატჩს 20 თებერვალს ჰავაი რეინბოუ უორიორსთან ჩაატარებს.