ალესქანდარ პეტროვიჩმა ბოსნიის შემადგენლობა გამოაცხადა და დომერკანტზე უარი თქვა

ალესქანდარ პეტროვიჩმა ბოსნიის შემადგენლობა გამოაცხადა და დომერკანტზე უარი თქვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინამ გუნდის შემადგენლობა დაასახელა. მთაარი მწვრთნელის, ალექსანდარ პეტროვიჩის (დრაჟენ პეტროვიჩის ძმაა) სია 15-კაციანია, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 12 კალათბურთელი ითამასებს. შეგახსენებთ, რომ ბოსნიასთან ერთად ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჰოლანდია, რუმინეთი და ლატვია იქნებიან.

ბოსნიელებს ახალი ნატურალიზებული მოთამაშე ჰყავთ. მათ უარი თქვეს ყაზანის “უნიქსის” წევრ ჰენრი დომერკანტზე, მის სანაცვლოდ კი, ზაკ რაიტს უხმეს. ეს უკანასკნელი მომავალი სეზონიდან, სავარაუდოდ, ბერძნული “პანიონიოსის” მაისურითი ითამაშებს, აქამდე კი, გერმანული “მედიენის”, ფრანგული “შალონის”, “ლე მანისა” და “ლიმოჟის”, ბერძნული აგორ-ისა და ხორვატული “ციბონას“ ღირსებას იცავდა.
 27 წლის ამერიკელმა უკანახაზელმა გასული სეზონის პირველი ნახევარი ბერძნულ „აგორაში“ გაატარა და 22 თამაშში, მოედანზე გატარებულ საშუალოდ 28.5 წუთში, მისი მონაგარი 13.5 ქულა, 5.4 მოხსნა, 4.1 პასი და 2.5 ჩაჭრა გახლდათ, ზაგრებში გადაბარგების შემდეგ კი, “ციბონას” მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში, საშუალოდ 21.6 წუთში 8.8 ქულას, 4.0 მოხსნას, 3.7 პასსა და 2.2 ჩაჭრას აგროვებდა.

ბურით ზაკარია რაიტი
ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებში შიდა ჩემპიონატიდან ორადორი კალათბურთელია, გუნდის ბირთვს კი ლეგიონერები წარმოადგენენ. მათ შორის ყველაზე სახელოვანი ესპანური “კახა ლაბორალის” მძიმე ფორვარდი მირზა ტელეტოვიჩია, რომელიც ევროპაში სამქულიანების ერთ-ერთ საუკეთესო მსროლელად ითვლება.
 აღსანიშნავია, რომ 26 წლის ტელეტოვიჩი ბასკურ კლუბში ჯერ კიდევ 2006 წელს გადაბარგდა და იმავე სეზონში ესპანური ლიგის საუკეთესო ახალბედად დასახელდა, მომდევნო სეზონში კი ჩემპიონატის “ამომავალი ვარსკვლავის” ტიტული ერგო. მირზას ეპანეთის სუპერთასი 4-ჯერ აქვს მოგებული, 2009 წელს კი “კახა ლაბორალთან” ერთად, ქვეყნის თასი დაისაკუთრა და ფინალური მატჩის უძვირფასეს მოთამაშედაც დასახელდა.
 საქართველოს ეროვნული გუნდი ალექსანდარ პეტროვიჩის გუნდს 21 აგვისტოს სარაევოში ესტუმრება, 5 სექტემბერს კი მეტოქეს თბილისში მიიღებს.
 
ბოსნიის ნაკრების 15-კაციანი შემადგენლობა:
ზაკ რაიტი (პანიონიოსი, საბერძნეთი), ნემანია გორდიჩი (ვირტუსი, იტალია), მუჰამედ პასალიჩი (კავალა, საბერძნეთი), ნიჰად დედოვიჩი (ვირტუსი, იტალია), ნემანია მიტროვიჩი (პორტლენდ პილოტსი, აშშ), დალიბორ პერშიჩი (შიროკი), ივან ოპაჩაკი (ცედევიტა, ხორვატია), ანტე მაშიჩი (ზაგრები, ხორვატია), მირზა ტელეტოვიჩი (კახა ლაბორალი, ესპანეთი), ედინ ბავჩიჩი (დრამა, საბერძნეთი), ნეჯად სინანოვიჩი (მალაგა, ესპანეთი), ელმედინ კიკანოვიჩი (ენისეი, რუსეთი), ოგნიენ კუზმიჩი (მალაგა, ესპანეთი), იოზო ბრკიჩი (ცაპლინა), იუსუფ ნურკიჩი (ცედევიტა, ხორვატია).
მწვრთნელი: ალეკსანდარ პეტროვიჩი.