10 ნოემბერს ამერიკის სტუდენტური ლიგა (NCAA1) ოფიციალურად დაიწყო. ქართველმა ახალგაზრდა კალათბურთელებმა პირველი შეხვედრები ჩაატარეს.
მნიშვნელოვანია რატი ანდრონიკაშვილის გამოჩენა პარკეტზე, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა. 22 წლის გამთამაშებლისათვის „კრეიტონის“ რიგებში ეს პირველი მატჩი არ იყო. მან NCAA-ის დაწყებამდე საგამოფენო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 16 წუთში 6 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. დღევანდელ შეხვედრაში ის სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, 9 წუთი ითამაშა და ამ დროში 2 ქულა, 1 პასი და 1 მოხსნა დააგროვა. მან სამქულიანი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ, ორქულიანი კი ერთიდან ერთი გამოიყენა. რატი მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი „არკანზას პაინ ბლაფს“ შეხვდა და 90-77 დაამარცხა.
პირველი მატჩი გამართა ალექს მერკვილაძემაც, რომლის „ლოიოლა მერიმაუნტი“ „შატანუგა მოქსთან“ 64:75 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 8 წუთი გაატარა და ამ დროში მხოლოდ 1 მოხსნის დაგროვება მოასწრო. მან საჯარიმოს ხაზიდან ერთხელ ისროლა და ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
20 წლის ცენტრის, საბა გიგიბერიას „ჯორჯია ტექი“ „მაიამი რედჰოქსს“ დაუპირისპირდა და 69:72 დამარცხდა. საბამ 5 წუთში 2 ქულა და 4 მოხსნა (2 შეტევაში) დააგროვა. მან თამაშიდან ერთხელ ისროლა და ისიც ზუსტად. გიგიბერია მეტოქის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.
ყველაზე მეტი ქართველი კალათბურთელებიდან ნიკა მეცხვარიშვილმა ითამაშა (15 წუთი), რომლის „ლუიზიანა მონრო“ ძალიან დიდი სხვაობით, 39:101 დამარცხდა. მეცხვარიშვილმა 2 ქულა, 3 მოხსნა (დაცვაში) და 1 ჩაჭრა დააგროვა, თამაშიდან 3-დან ერთი ბურთი გამოიყენა, 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ორჯერ დაკარგა.